აკაკი ზოიძე: ერთ წელიწადში ადამიანებს რომ რწმენა შეექმნას - საჯარო სამსახური მათი პრობლემების გადაწყვეტისკენ არის მომართული - ამის შექმნა და ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2019 16:47
აკაკი ზოიძე: ერთ წელიწადში ადამიანებს რომ რწმენა შეექმნას - საჯარო სამსახური მათი პრობლემების გადაწყვეტისკენ არის მომართული - ამის შექმნა და ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, დადებითად შეაფასა პრემიერ მინისტრობის კანდიდატის და მთლიანად მთავრობის განახლებული გუნდის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სამთავრობო პროგრამა ორიენტირებული იქნება დაპირებების, გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

„მისასალმებელია, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, რომ რასაც დავპირდებით - გადაწყვეტილებების მიღება აღსრულება, დანერგვა იქნება ერთიანი პროცესი და ძალიან მოკლე პროცესი, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოყვება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე შეფასებით, „ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, რაც არის ამ ქვეყანში დღეს, არის სიცრუის პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მოდელირებული რეალობის ფაბრიკა და მასთან ბრძოლა. ეს ფაბრიკა რეალურად თესავს შუღლს, სიძულვილს საზოგადოებაში, იწვევს პოლარიზაციას და, რაც მთავარია, და რაც გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს თესავს უიმედობას, იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს მოქალაქეებში არა ქართული ოცნების ხელისუფლების, არამედ ზოგადად ქვეყნის მომავლის მიმართ. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, ის რაც შეიძლება ჩვენს სახელმწიფოებრიობას დაემუქროს, რაც შეიძლება ჩვენ, როგორც ერს დაგვემუქროს. და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი რომ ვებრძოლოთ ამ მანქანას“, აღნიშნა მან.

აკაკი ზოიძის განცხადებით, ობიექტურ რეალობაში ამის საფუძველი არის გულგრილი სახელმწიფო მოხელე, რომელიც მხოლოდ თავისთავზე ზრუნავს, ან თავის ოჯახზე და აუცილებელია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რათა მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. აკაკი ზოიძის განცხადებით, ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა სამთავრობო პროგრამა.

„ქვეყნის სასწაულებრივი გაბრწყინება რთული იქნება, მაგრამ ერთ წელიწადში ადამიანებს რომ რწმენა შეექმნას იმისი, რომ საჯარო სამსახური სოფლის რწმუნებულიანად დაწყებული უმაღლესი თანამდებობის პირებით, მათი პრობლემების გადაწყვეტისკენ არის მომართული - ამის შექმნა და ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

აკაკი ზოიძის განცხადებით, დიდი მიღწევა იყო საყოველთაო ჯანდაცვის შემოღება, რომელმაც თავის დროზე, ათასობით ოჯახი გადაარჩინა ფიზიკურ განადგურებას და ასი ათასობით ოჯახი სიღარიბეს, თუმცა დღეს გარკვეული პრობლემები არის და მათ მოგვარებაში პარლამენტის კომიტეტი მთავრობას თანამშრომლობას სთავაზობს.

ტეგები