საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2019 17:02
საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მინისტრთა განახლებულ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. პლენარულ სხდომაზე ახალ მთავრობას მხარდაჭერა 98-მა დეპუტატმა გამოუცხადა.  

სხდომას არ ესწრებოდნენ "ნაცმოძრაობისა" და ევროპული საქართველოს" წევრები, კენჭისყრაში მონაწილეობა "პატრიოტთა ალიანსსაც" არ მიუღია.

გახარიას ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ლევან იზორია ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა.

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი შეინარჩუნა მაია ცქიტიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს კვლავ ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა სამინისტროს - დავით ზალკალიანი, ფინანსთა სამინისტროს - ივანე მაჭავარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - მიხეილ ბატიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - ეკატერინე ტიკარაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - ლევან დავითაშვილი, იუსტიციის სამინისტროს - თეა წულუკიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს კი ქეთევან ციხელაშვილი - უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა.

ტეგები