კობა კობალაძე: აქტიურ რეჟიმში განხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა სამთავრობო გეგმაში გაწერილი საქმიანობის შესასრულებლად
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2019 17:35
კობა კობალაძე: აქტიურ რეჟიმში განხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა სამთავრობო გეგმაში გაწერილი საქმიანობის შესასრულებლად

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის სახელით, კობა კობალაძემ შეაფასა 2019-2020 წლის სამთავრობო გეგმა.

„საქართველოს სახელმწიფოს ღიად აქვს გაცხადებული ტოტალური თავდაცვის პოლიტიკა. წარმოდგენილ სამთავრობო გეგმაში
საუბარია ეფექტური და ქმედითი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბების კონცეფციაზე. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა  წარმოადგინა ხედვა რეზერვის სისტემისა და სამხედრო მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის პოტენციალს ბევრად გააუმჯობესებს, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებს კი ბევრად ანგარიშგასაწევ ძალად გახდის ჩვენს რეგიონში. აღნიშნული მიმართულებით გვაქვს ხელშესახები მიღწევები, თუმცა, სოლიდური სამუშაოები შესასრულებელია და მიგვაჩნია, რომ ერთად შევძლებთ ბევრად უფრო ძლიერი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას, რადგან
გვყავს სერიოზული რესურსი ჩვენი ვეტერანების სახითაც, რომლებიც ღირსეულად ემსახურნენ საქართველოს და ყოველ წუთს მზად არიან თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ როგორც მშვიდობიანობის, ასევე კრიზისულ პერიოდში ჩვენი სამშობლოს დასაცავად“, - განაცხადა კობალაძემ.

კობა კობალაძემ შეაფასა შსს-ში დაგეგმილი რეფორმები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი განვითარება უკავშირდება სისტემური განახლების კონცეფციის განხორციელებას, რაც აამაღლებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ხარისხს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისთვის, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და პოლიციელებისთვის სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, ვინაიდან მათ ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ჩვენს სამშობლოში სიმშვიდისა და უსაფრთხოების დაცვა და მათდამი პატივისცემა და დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალია“, აცხადებს კობალაძე.

კობა კობალაძემ ხაზგასმით ისაუბრა ტერიტორიული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, მათ სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასა და მავთულხლართებით ხელოვნურად დაშორებულ
მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას.

გარდა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპონენტისა, კობა კობალაძემ შეაფასა სამთავრობო გეგმაში გაწერილი სხვა მიმართულებებიც. „ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სამართლიანი და ძლიერი საქართველოს მშენებლობაა. ამ მიზნის მიღწევა კი საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე გადის, რისი ლოგიკური შედეგი სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესება და უმუშევრობის შემცირება უნდა გახდეს. ჩვენს ფრაქციას მიგვაჩნია, რომ, ამ მხრივ, სამთავრობო გეგმაში წარმოდგენილი ხედვები ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისთვის, სწორედ სიღარიბის შემცირებას შეუწყობს ხელს“,- დასძინა კობალაძემ.


კობა კობალაძემ სამთავრობო გეგმის შეფასებისას აღნიშნა, რომ აქტიურ რეჟიმში განხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა სამთავრობო გეგმაში გაწერილი საქმიანობის შესასრულებლად.

ტეგები