საქართველო ქმნის უნიკალურ მოდელს - ერთის მხრივ, დამსახურებული კადრების დასაფასებლად და მეორეს მხრივ, ახალგაზრდა პროფესიონალების აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩასართავად - მარიამ ჯაში
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2019 17:45
საქართველო ქმნის უნიკალურ მოდელს - ერთის მხრივ, დამსახურებული კადრების დასაფასებლად და მეორეს მხრივ, ახალგაზრდა პროფესიონალების აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩასართავად - მარიამ ჯაში

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიასა და წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით მიმართა.

„განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მხარდაჭერა სამთავრობო პროგრამის მიმართ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს განათლების სექტორში მიმდინარე მასშტაბური რეფორმის უწყვეტობა და დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის გარანტიები. რამდენიმე კვირაში 30,000-ზე მეტი პედაგოგი მიიღებს გაზრდილ ხელფასს და ათასობით დამსახურებულ მასწავლებელს ღირსეულად გავაცილებთ საპენსიო ჯილდოს გადაცემით. საქართველო ქმნის უნიკალურ მოდელს - ერთის მხრივ, დამსახურებული კადრების დასაფასებლად და მეორეს მხრივ, ახალგაზრდა პროფესიონალების აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩასართავად. დარწმუნებული ვარ, რომ საპენსიო ჯილდოს ინიციატივა გახდება მაგალითი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს და გაიზიარებს. ამასთან განათლების სისტემის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ანალოგიურ მიდგომაზე კულტურის სფეროში და სხვა საჯარო სექტორში დასაქმებული დამსახურებული საპენსიო ასაკის კადრებისათვის.

ბატონო გიორგი, თქვენ დაგვიდასტურეთ ხედვა, რომ განათლების სექტორში დაგეგმილი რეფორმები გაგრძელდება და ეტაპობრივად მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხება სისტემის ყველა საფეხურს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ სკოლების შემდეგ დაფინანსების ზრდის აუცილებლობას საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურისა და ბაღებში დასაქმებული კადრების ღირსეული ანაზღაურებისათვის. ბუნებრივია, ფინანსური მოტივაციის ზრდა უნდა მოხდეს საბავშო ბაღების კადრების კომპეტენციის ზრდის პარალელურად. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც საქართველო გახდა უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპული რეესტრისა და ევროპული ასოციაციის წევრი. უაღრესად მნიშნელოვანია, რომ იზრდება ინვესტიციები მეცნიერების განვითარებისათვის და რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ასახავს ქართული მეცნიერების განვითარებისათვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს. კულტურის ეროვნული ფონდის შექმნა პასუხობს საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას. ამასთანავე ფონდი შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ეფექტურად ვმართოთ და გავაძლიეროთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ქართული კინო, ქართული თეატრი და კულტურის სფეროს სხვა დარგები. აქვე გიდასტურებთ პირადად ჩემი და ჩვენი კოლეგების მზაობას, თუკი თქვენი პრემიერ მინისტრობის დროს იქნება მიღებული გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - გაერთიანებული უწყების გაყოფაზე, მხარი დავუჭიროთ დეზინტეგრაციის პროცესს. თუკი მიზანია ადმინისტრაციული მმართველობის ოპტიმიზაცია - შეგვიძლია ვიფიქროთ კულტურისა და ტურიზმის უწყებების გაერთიანებაზე, მითუმეტეს რომ ტურისტული ნაკადების მზარდ სტატისტიკაში წამყვანი წილი - 75% სწორედ კულტურის სფეროს უჭირავს.

გეთანხმებით, რომ ჩვენ საზოგადოებას ახალი ინიციატივების ნაცვლად სჭირდება უკვე გაჟღერებული პროგრამების დროულად და ეფექტურად განხორციელება. ამიტომ არ შევჩერდები სისტემურ რეფორმაზე რომელიც გაგრძელდება. მხოლოდ შევაჯამებ რამდენიმე კონკრეტულ, თუმცა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც წლების მანძილზე რჩება გადაუჭრელი.

1. წლებია ვაყენებთ რამდენიმე უმწვავეს ინფრასტრუქტურულ პრობლემას, რომელიც ეხება არამხოლოდ კონკრეტულ შენობებს, არამედ ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო და კულტურულ იდენტობას. გთხოვთ სასწრაფოდ ვიპოვოთ გამოსავალი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ცენტრისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობებთან დაკავშირებით. ყოველი დაგვიანებული დღე საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს მეცნიერებს და შეუფასებელ ხელნაწერებს, ჩვენ საუკუნოვან მემკვიდრეობას.

2. კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის შენობის პრობლემას, სადაც 2000 ბავშვი სწავლობს. ზოგადად, რეგიონებში პრობლემურია მოსწავლე ახალგაზრდობის სახლები, თუმცა ქუთაისის შენობა არის ერთ-ერთი უმწვავესი და გთხოვთ თქვენ პირად მხარდაჭერას ამ საკითხში.

3. მისასალმებელია, რომ ქართველოლოგიისა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების დასაფინანსებლად შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი საკუთარი ფინანსების 10%-ს გამოყოფს. თუმცა უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი საზღვარგარეთ. მაგალითისათვის, მიზნობრივი მხარდაჭერა სჭირდება ევროპის ქვეყნებში მოქმედ ქართველოლოგიის ცენტრებს დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთის უნივერსიტეტებში.

არ შეიძლება არ გამოვეხმაუროთ ოკუპაციის თემას. თქვენ აღნიშნეთ, რომ არამხოლოდ ტერიტორიები - საქართველოს ეკონომიკის 20%-ია ოკუპირებული. დიახ, ოკუპირებულია საქართველოს ადამიანური კაპიტალის 20% და მომავალ წელს გალში სკოლას დაამთავრებს ბოლო კლასი, რომელიც ქართულად სწავლობდა.

დაბოლოს, გიდასტურებთ მჭიდრო თანამშრომლობის მზაობას, როგორც სახელმწიფო პროექტების, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის მობილიზაციის კუთხით", - განაცხადა ჯაშმა.

ტეგები