კობა კობალაძე: ჯანსაღი ხედვითა და სწორი პოლიტიკის წარმოებით, შევძლებთ წინსვლას და განვითარებას
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2019 18:06
კობა კობალაძე: ჯანსაღი ხედვითა და სწორი პოლიტიკის წარმოებით, შევძლებთ წინსვლას და განვითარებას

„ჩვენი სამშობლო თითოეული ჩვენგანის დასაცავია, ამიტომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ამოცანაა. ჩვენი ისტორიული მიწები უნდა დავიბრუნოთ და საქართველო გავაერთიანოთ“, - აღნიშნული განცხადება ფრაქციის „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა კობა კობალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მან ვრცლად ისაუბრა სამთავრობო პროგრამაზე, რომელიც ოთხ ძირითად ასპექტს: უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ განვითარებას, განათლებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას და სახელმწიფო მართვას შეეხება.

„ისტორიულად უმდიდრესი, მაგრამ ტერიტორიულად ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენი სამშობლოა და რომლის ადამიანური და მატერიალური რესურსები შეზღუდულია, ერთიანი კომპლექსური და რაციონალური მიდგომაა საჭირო იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას, რადგან როგორც მშვიდობიანობის, ისე ომის დროს საბოლოო გამარჯვებას აღწევს მთლიანი ერი და არა ინდივიდები. გამარჯვებისთვის კი, საჭიროა საზოგადოების ყველა სეგმენტის მობილიზება და სრული ჩართულობა“, - განაცხადა კობა კობალაძემ.



მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოს ღიად აქვს გაცხადებული ტოტალური თავდაცვის პოლიტიკა, რაც თავის მხრივ, სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტების გაერთიანებას ასახავს. „მიზანი მიიღწევა მხოლოდ ამ ორი მოცემულობის ურთიერთქმედებით, გონივრულად დაგეგმარებისა და აღსრულების პირობებში. ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეფექტური და ქმედითი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება, რომლის ძირითადი დანიშნულებაა აქტიური სამხედრო ქვედანაყოფების მხარდაჭერა“, - განაცხადა მომხსენებელმა.



მისი თქმით, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა ხედვა - სავალდებულო სამხედრო სამსახურის, რეზერვის სისტემისა და სამხედრო მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებსაც კი, ბევრად ანგარიშგასაწევ ძალად ხდის ჩვენს რეგიონში. „აღნიშნული მიმართულებით გვაქვს ხელშესახები მიღწევები თუმცა, სოლიდური სამუშაოები შესასრულებელია და მიგვაჩნია, რომ ერთად შევძლებთ ბევრად უფრო ძლიერი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას, რადგან გვყავს სერიოზული რესურსი ჩვენი ვეტერანების სახითაც, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან და ემსახურებოდნენ საქართველოს და ახლაც, ყოველ წუთს, მზად არიან თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ, როგორც მშვიდობის ასევე, კრიზისულ პერიოდში, თავისი სამშობლოს დასაცავად“, - განაცხადა ფრაქციის „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა. მისი თქმით, ქვეყნის საერთო უსაფრთხოების დაცვის საკითხში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფას. „სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ეფექტიანობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროში დამატებითი რეფორმების გატარება“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი განვითარება უკავშირდება სისტემური განახლების კონცეფციის განხორციელებას, რომელიც მოიცავს, როგორც სტრუქტურულ რეფორმებს ისე, ტექნოლოგიურ განახლებას და ინოვაციების დანერგვას, რაც აამაღლებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ხარისხს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისათვის, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისათვის და პოლიციელებისათვის, სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, ვინაიდან მათ ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ სამშობლოს სიმშვიდისა უსაფრთხოების დაცვა. მათდამი პატივისცემა და დაფასება თითოეული ჩვენგანის, საქართველოს მოქალაქის უდიდესი ვალია“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, ყველამ ერთად, მთელი ძალისხმევა უნდა ტერიტორიული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასარეგულირებლად უნდა მიმართოს.

„სამთავრობო გეგმაში წარმოდგენილი ხედვა კონფლიქტის მოგვარების, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მექანიზმების გამოყენების შესახებ, ორიენტირებულია გონივრული თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოებაზე და მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, მათ სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მავთულხლართებით ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

მან ასევე, ისაუბრა 2019-2020 წლების სამთავრობო გეგმაში გაწერილ სხვა პრიორიტეტული მიმართულებებზე. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მშვიდობიანი ფორმით დეოკუპაციის, განათლების, სპორტისა და კულტურის, ეკონომიკის განვითარების, სოციალური პოლიტიკის გამრავალფეროვნების, ჯანდაცვის პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მთავრობის ხედვას.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სამართლიანი და ძლიერი საქართველოს მშენებლობაა. ამ მიზნის მიღწევა კი, საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე გადის, რისი ლოგიკური შედეგი სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესება, უმუშევრობის შემცირება უნდა იყოს“, - განაცხადა ფრაქციის წარმომადგენელმა. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე რომელიც სიღარიბის დაძლევის კუთხით საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში არსებობს. მისი თქმით, სამთავრობო გეგმაში დეტალურად არის წარდგენილი ხედვა რეგიონების განვითარებაში უთანასწორობის აღმოფხვრის მექანიზმის შესახებ, დიდი ყურადღება ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ დასახლებებს.

„ადგილობრივი დონეზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, შიდა ინფრასტუქტურის განვითარება და ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობა, რეგიონებში მოსახლეობის სოციალური ფონის მკვეთრ გაუმჯობესებას გამოიწვევს“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი მშვიდობიანი და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ნაბიჯები მოაგვარებს ხიდჩატეხილობასა და ნიჰილიზმის განცდას და არა ქვეყნის ოპოზიციის რევანშისტული სულისკვეთებით და პანიკური სიცრუით გაჯერებული რიტორიკა, არაფრისმომცემი აგრესიული ქმედებები, რაც ოკუპაციის ცეცხლზე ნავთის დასხმის პოლიტიკას ემსახურება და უსუსური მცდელობაა თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების სხვაზე გადაბრალებისა.

კობა კობალაძის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა უკავშირდება საყოველთაო სოციალური პასუხისმგებლობის იდეაზე დაფუძნებულ საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკის ამოქმედებას.

ტეგები