გია გაჩეჩილაძე ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტთან მოყვანილი ცხვრები ეკლესიას შესწირონ, იქნებ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულები ეპატიოთ
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2019 18:09
გია გაჩეჩილაძე ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტთან მოყვანილი ცხვრები ეკლესიას შესწირონ, იქნებ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულები ეპატიოთ

ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტთან მოყვანილი ცხვრები ეკლესიას შესწირონ, იქნებ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულები ეპატიოთ

მან თავის გამოსვლაში იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა. მან განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის გამოსვლა დღეს ამ ტრიბუნაზე იყო მწვერვალი იმ იდეოლოგიისა და იმ პიარ მანქანისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია წლების განმავლობაში.

„ეს იყო მწვერვალი იმ სიყალბის მანქანისა, რომელსაც ცდილობს საზოგადოებას თავზე მოახვიოს. ანუ ის, რომ თვითონ არიან დასავლური ორიენტაციის და ჩვენ თურმე გეზი ავიღეთ ჩრდილოეთისაკენ. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს დღევანდელი სიტუაცია ისე არასოდეს არ ყოფილა ახლოს ნატოსთან, ევროკავშირთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აშშ-სთა“, განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. მისი თქმით, თვითონ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი რუსეთს დაუთმო - ეკონომიკა, ტერიტორიები და ყოველმხრივ შეუწყო ხელი, რომ რუსეთი გაბატონებულიყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში.

მან მრავალი მაგალითი მოიტანა იმისა, თუ რა არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებდა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, იქნებოდა ეს გაეროს უშიშროების საბჭო თუ სხვა. რისი გამოსწორებისთვისაც დიდი შრომა დასჭირდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. კერძოდ, მისი თქმით, „გაეროს უშიშროების საბჭოში განცხადება არ შეიტანეს და მსოფლიოს არ შეატყობინეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს დაიწყო საქართველოში. სამაგიეროდ რუსეთმა შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ 8 აგვისტოს და ამითი გაიმაგრა საერთაშორისო პოზიციები. ტყუილია ის ამბავი, რომ ნაციონალური მოძრაობის ამ დელეგაციამ მხარი დაუჭირა იმ ჩანაწერს ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომ საქართველომ დაიწყო სამხედრო მოქმედებები? ხელი მოაწერეს „ინტერრაოსთან“ რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან ენგურჰესის ერთობლივ ექსპლოატაციაზე? და 2009 წელში უკვე გადასცეს მთლიანად მთელი ენერგეტიკული რესურსები - ხრამჰესი, ხრამი2, თბოსადგურები და ა.შ?“

მან თავის გამოსვლაში ასევე გაიხსენა ზვიად გამსახურდიას მიერ გაუქმებული აქტი 1990 წელს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რომელიც იმ ხელისუფლებამ 2007 წელს აღადგინა. –„სამარშრუტო ხაზები დადიოდა. ყველაფერი დარეგულირებული იყო, ბაზრობა იყო, ქორწილებში და დღეობებში დადიოდნენ ერთმანეთთან და აი რა გააკეთეს ამათმა. თავიდან აურიეს ყველაფერი იმისათვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო და ახლა ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები, რომელიც 1999 წლის სტამბოლის შეთანხმების საფუძველზე იყო შემოაყვანინეს, და არა მარტო საქართველოს ემუქრება ახლა ეს ბაზები, რეგიონული მასშტაბის საფრთხე გახადეს ეს ტერიტორიები, იმიტომ, რომ სარაკეტო სისტემები დააყენა რუსეთმა უკვე იქ“.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა გაეროს 2009-10 წლის მონაცემებზე, სადაც საქართველოში დიდი რაოდენობით ჰეროინის ტრასის არსებობაზეა საუბარი. რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დიდი ძალისხმევის შედეგად ჩაიკეტა და რაც ასევე აისახა გაეროს მონაცემებში. მან ისაუბრა მაშინ ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზეც და განაცხადა, _“მოსახლეობის 81% ვერ ღებულობდა დაზღვევას, და ვერ მოდიოდა ექიმთან. ყველა სტატისტიკაა მოცემული. 80 ათასი ოჯახი დაგვიტოვეს უსახლკაროდ.

მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ასეთი გენიალური პროგრამა შექმნა დაზღვევის, ასევე C ჰეპატიტის ამხელა პროგრამა მუშაობს და რამდენი სიცოცხლე გადარჩა ამის გამო”.

გიორგი გაჩეჩილაძემ 20-21 ივნისის მოვლენებზეც შეაჩერა ყურადღება და გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ იმ დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველო დესტაბილიზაციას გადაარჩინა. –„გულწრფელად გეუბნებით, ეს ნამდვილად ღირსეული საქციელი იყო საქართვლოს შინაგან საქმეთა მინისტრისა, სხვანაირად ეს არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ამას აუცილებლად სისხლისღვრა მოყვებოდა. იმიტომ, რომ თქვენ კარგად იცით აქ უკვე შემოყვანილი ყავდათ მაგათ ხალხი, საშვები იყო დაშვებული. და ეს იყო სპეცოპერაცია გარედან დაგეგმილი“. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა პარლამენტთან მოყვანილი ცხვრები ეკლესიას შესწირონ, იქნებ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულები ეპატიოთ.

ტეგები