ელისაბედ მეორემ ხისტი Brexit-ის წინააღმდეგ კანონპროექტი დაამტკიცა
ამობეჭდვა · 09 / 09 / 2019 21:39
ელისაბედ მეორემ ხისტი Brexit-ის წინააღმდეგ კანონპროექტი დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხისტი Brexit-ის წინააღმდეგ ლორდთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ლორდთა პალატა ავრცელებს. ამგვარად კანონპროექტმა კანონის ძალა შეიძინა.

6 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ზედა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბრიუსელთან შეთანხმების მიღწევის გარეშე 31 ოქტომბერს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას კრძალავს. კანონის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა უნდა შეეცადოს ევროკავშირთან ახალი შეთანხმების მიღწევას ევროსაბჭოს სხდომაზე, რომელიც 18 ოქტომბერს გაიმართება.

5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მხარი არ დაუჭირა. პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ბრიტანელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლის თანახმად დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე ვერ დატოვებს.

უფრო ადრე თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით (328-301-ის წინააღმდეგ) მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მთავრობას პარლამენტის დღის წესრიგის განსაზღვრის უფლება ჩამოერთვა.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა.