მამუკა მდინარაძე: ხალხი ადვილად არ ტყუვდება
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2019 11:41
მამუკა მდინარაძე: ხალხი ადვილად არ ტყუვდება

საპარლამენტო ფრაქცია“ ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია უფრო ისტერიულ ფაზაში გადადის და უფრო მეტად ხდება ტყუილის შეთხზვასა და მოგონილი ამბების ტირაჟირებაზე ორიენტირებული.

„დავანებოთ თავი იმ სისხლიან ცხრა წელზე საუბარს. თავისი ცოდვები იქაც ეყოფათ. დღეს რას აკეთებენ? დილას იწყებენ ბრიფინგით მოგონილ ამბებზე, გამოდიან ტყუილი განცხადებებით“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ ტ/ კ იმედის გადაცემაში „ პირისპირ“. როგორც მან განაცხადა, მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის სიცრუეზე აგებული კამპანიისა, ხალხი ადვილად არ ტყუვდება.

„საზოგადოების უდიდესი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის კამპანიის გავლენის ქვეშ, საბედნიეროდ, არ ექცევა. ხალხი რომ ადვილად ტყუვდებოდეს, „ქართული ოცნება“ ყველა არჩევნებს წააგებდა. ხალხი თეთრს და შავს კარგად არჩევს. თუმცა ძალიან ძნელია მუდმივად იყო ოპოზიციის მედიასაშუალებების ფეიკნიუსების გავლენის ქვეშ, ძალიან ძნელია, საზოგადოება იმყოფებოდეს მუდმივი სტრესის ქვეშ,“- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდმა უფრო მეტი ძალისხმევა მიმართა ხალხთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისკენ. “ჩვენ მუდმივად ვხვდებით მოსახლეობას. რამდენიმე ასეული სოფელი დავფარეთ. ბევრი მოქალაქის მოსაზრება მოვისმინეთ, ბევრ რაიმეს ვითვალისწინებთ. შეხვედრების პროცესში დასმული საკითხების კოდიფიცირება უკვე მოვახდინეთ“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

ტეგები