აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი ზრდის ნაცვლად შემცირდა
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2019 12:48
აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი ზრდის ნაცვლად შემცირდა

აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მოსალოდნელი 14-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, მგზავრთნაკადი 11 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 583,104 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება 2019 წლის 8 თვის მონაცემებს, იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს აეროპორტები 3,640,823 მგზავრს მოემსახურა, რაც 8%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, საერთაშორისო აეროპორტებიდან აგვისტოს თვე მგზავრთნაკადის მატებით მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა დაასრულა, რადგან მის სტატისტიკაზე ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ.

"ზრდის იმ დინამიკიდან გამომდინარე, რაც საქართველოს აეროპორტებში ფიქსირდება ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის 2019 წლის ორ კვარტალში, გვქონდა მოლოდინი, რომ აგვისტოს თვეშიც იქნებოდა ვიზიტორთა უპრეცედენტო ზრდა, თუმცა, 20 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა  საპირისპირო სურათი მოგვცა. წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, აგვისტოში 749,000 ათასის ნაცვლად, რაც 14 % - იან ზრდას წარმოადგენს, საქართველოს აეროპორტები 583,104 ათას მგზავრს მოემსახურა. რაც თავის მხრივ, - 11% კლებას წარმოადგენს", - წერია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათი ცნობით, ხაზგასასმელია, რომ კლება, რომელიც აგვისტოში დაფიქსირდა, არის მაქსიმალურად მინიმიზებული საქართველოს მთავრობის იმ ნაბიჯების შედეგად, რომელიც გადაიდგა და ამჟამადაც გრძელდება რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის გამო დაზარალებული სექტორების დასახმარებლად.

დეტალური სტატისტიკა ასეთია:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის  აგვისტო -  397,045 მგზავრი (კლება 14 %)

2019 წლის იანვარ-აგვისტო - 2,651,918 მგზავრი (ზრდა 3%)         

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის  აგვისტო - 96,474 მგზავრი (კლება 20%)

2019 წლის იანვარ-აგვისტო  - 444,310 მგზავრი (ზრდა  5%)

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის  აგვისტო - 88,138 მგზავრი (ზრდა 22%)

2019 წლის იანვარ-აგვისტო - 538,234 მგზავრი (ზრდა 41 %)

მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები:

2019 წლის იანვარ-აგვისტო  - ჯამურად 6,361 მგზავრი (ზრდა  16%)

8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა.