საქართველოს პარლამენტმა დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2019 14:26
საქართველოს პარლამენტმა დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა

ექვსი თვის განმავლობაში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველმა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფმა სტრატეგიით გათვალისწინებულ თითოეულ მიზანს და ამოცანას ცალკე სხდომა მიუძღვნა და მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე ჩამოაყალიბა საპარლამენტო ორგანოს რეკომენდაციები.



სამუშაო ჯგუფი შედგებოდა ყველა საპარლამენტო სუბიექტისგან. ძირითადი რეკომენდაციები ეხება თვითმმართველი ერთეულის როლის გაზრდას საჯარო და ადგილობრივი საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში და ამისათვის სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვას. ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფას შესაბამისი მატერიალური, ქონებრივი, ფინანსური რესურსებით და უფრო სანდო, უფრო ანგარიშვალდებული, უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.



ზაზა გაბუნია: რეკომენდაციებში გამოვკვეთეთ პარლამენტის როლი და მის წინაშე აგნარიშვალდებულების საკითხი. კერძოდ, პარლამენტი გაუწევს ზედამხედველობას რეფორმის პროცესს და შეაფასებს რეფორმას სხვადასხვა ეტაპზე.

ეს რეფორმა ერთიორად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, თვითმმართველობებმა კიდევ უფრო უკეთ, ეფექტურად და ამისათვის საჭირო რესურსით უპასუხონ ადგილებზე მოსახლეობის მოთხოვნებს და საჭიროებებს.



დეცენტრალიზაციის რეფორმის დოკუმენტზე პარლამენტის რეკომენდაციები დღეს წარედგინება ბიუროს და მის შემდეგ გაიგზავნება საქართველოს მთავრობაში.