მამუკა მდინარაძე: ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა მხარდაჭერილია დასავლელი პარტნიორების მიერ და შედეგად აუცილებლად მოხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2019 17:48
მამუკა მდინარაძე: ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა მხარდაჭერილია დასავლელი პარტნიორების მიერ და შედეგად აუცილებლად მოხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება

„დაუშვებელია ისეთი თემით სპეკულირება, როგორიც არის ქვეყნის უმთავრესი პრობლემა, ოკუპაცია, უსაფრთხოება, რისკებზე ყურადღების არ მიქცევა და ნებისმიერ ფასად, რაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეს ეროვნულ ინტერესებს, საკუთარი პოლიტიკური პარტიისთვის რაღაც ქულების მინიჭება“,-ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.



მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა სპეკულირებს ოკუპაციის თემით, იმისათვის, რომ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს, თუმცა, კარგად იციან, რომ ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა მხარდაჭერილია დასავლელი პარტნიორების მხრიდან.



„ძალიან კარგად ხედავთ, 2012 წლიდან დაწყებული პრაგმატული პოლიტიკის შედეგებს. თუ საით მიდის საბოლოო ჯამში დეოკუპაცია, ამის შესახებ ძალიან კარგად იცით და ძალიან კარგად ხედავთ იმას, თუ როგორ სპეკულირებს თქვენი პოლიტიკური ძალა ამ თემებით.



ერთი მიმართულება არის თქვენი და სხვა რადიკალური ჯგუფების მიერ, რომლებიც არად დაგიდევენ არც რისკს, არც უსაფრთხოებას, არც არანაირ საკითხს, ოღონდ ამ თემებით ქულები ჩაიწერონ, მეორე მიმართულება არის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც თქვენ ძალიან კარგად იცით, მხარდაჭერილია დასავლელი პარტნიორების მიერ და ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი უნდა იყოს ის, რომ საბოლოო ჯამში აუცილებლად მოხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.