შოთა ხაბარელი: მინდა გამოვხატო ის დიდი სიხარული, რომელიც ამ დღეების განმავლობაში თითოეულმა ჩვენთაგანმა განიცადა
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2019 14:10
შოთა ხაბარელი: მინდა გამოვხატო ის დიდი სიხარული, რომელიც ამ დღეების განმავლობაში თითოეულმა ჩვენთაგანმა განიცადა

შოთა ხაბარელი - მინდა გამოვხატო ის დიდი სიხარული, რომელიც ამ დღეების განმავლობაში თითოეულმა ჩვენთაგანმა განიცადა. ეს იყო ჩვენი მოჭიდავეების ბრწყინვალე წარმატება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, შოთა ხაბარელი აცხადებს.

"ლაშა გობაძემ და ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვეს. სხვათა შორის, მინდა ლაშა გობაძეზე გითხრათ. ეს არის აჭარის ულამაზესი რაიონიდან ხულოდან. ამ პატარა ხულოს სამი ჩემპიონი ჰყავდა მანამდე და ახლა კიდევ გობაძეც მიემატა. ასევე, მინდა ლუხუმ ჩხვიმიანთან დაკავშირებით გითხრათ, რომელმაც ასევე მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა იაპონიაში, ძიუდოს დედაქალაქში - ტოკიოში. მან იაპონელებს გამოსტაცა ოქროს მედალი და საქართველოში ჩამოიტანა. იქვე მონაწილეობა მიიღო ჩვენმა ახალგაზრდა ლიკა მაისურაძემ. ეს იყო ქართული ძიუდოს აღმოჩენა და მე ვფიქრობ, რომ ქართულ ძიუდოს მომავალი წინა აქვს.

გუშინ გამთენიისას, მე დავხვდი საქართველოს ეროვნულ ახალგაზრდულ ძიუდოისტთა ნაკრებს და იქ ვნახე უამრავი გულშემატკივარი და საფუძველიც იყო იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდებმა საქართველოში ექვსი ოქროს მედალი ჩამოიტანეს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს. ეს არის უდიდესი წარმატება და სხვათა შორის, აქ იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რომ ჩვენმა გოგონამ, ეთერ ლიპარტელიანმა პირველად მოიპოვა ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე. ეს იმას, ნიშნავს რომ ძიუდოს ძალიან საამაყო მომავალი აქვს.

ეს წარმატებები, პირველ რიგში, არის ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის შედეგი, რაზეც მინდა მათ ჩვენგან ჩვენი დიდი სიყვარული და ტაში სიყვარული მიუძღვნა.

ასევე მინდა ჩვენს ოპონენტებს ვუთხრა, რომ არანაკლებ დიდი დამსახურებაა ჩვენი ხელისუფლების, პოლიტიკური გუნდის ის სწორი მიმართულება, რომელიც აღებული აქვს ჩვენს ხელისუფლებას. მინდა გითხრათ, რომ სპორტსმენი წარმატებს ვერ მიაღწევენ, თუ მას არ აქვს ფინანსურად გამყარებული და მხარში დგომა სახელმწიფოსგან და მე მიმაჩნია, რომ ამ კუთხით ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა და მასაც ეკუთვნის ტაში.

შევეცდები ეს ყველაფერი დოკუმენტალურად გავამყარო. პირველი, რაც შეიძლება ითქვას, 2012 წლის შემდეგ დღემდე სამჯერ გაიზარდა სპორტის ბიუჯეტი. 2013 წელს იყო 51 მილიონი და 2019 წელს, დღეს უკვე გახარჯულია 150 მილიონი ლარი და ჯერ კიდევ სამი თვეა.

სპორტში ჩართულობა, რომელიც არის ყველაზე მტკივნეული თემა ჩვენი ქვეყნისთვის. 2012 წელს 33 ათასი მოზარდი იყო სპორტში ჩართული, 2019 წლისთვის არის უკვე 149 ათასი მოზარდი ჩართული, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, როგორც სამინისტრო, ასევე სპორტის კომიტეტი და ვფიქრობ, რომ ძალიან დაემატება ჩართულთა რაოდენობა.

ცოტა ხნის წინ, როდესაც ვამტკიცებდით საქართველოს მთავრობას, აქ იდგა პრემიერმინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ თუ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგნელები უსვამდნენ კითხვას, მაგრამ პასუხს არ ელოდებოდნენ. ერთი ნარატივი იყო ის რომ - კი ან არა. მე მინდა, ბატონ გია ბოკერიას, ახლა დარბაზში არ არის, მინდა შევეკითხო - ეს წარმატებები, ეს წინსვლა სპორტში, ამდენი პოზიტივი არის თუ არა ხელისუფლების დამსახურება. მითხარით ბატონო გიგა, თქვენ სპორტსმენის ოჯახში ხართ გაზრდილი, დედა წარმატებული სპორტსმენი გყავდათ და იცით რამდენი ძალისხმევა სჭირდება, რომ ამდენ წარმატებას მიაღწიოს სპორტსმენმა - კი თუ არა, არის თუ არა დამსახურება საქართველოს ხელისუფლების ეს წარმატებები, მიპასუხეთ", - აცხადებს ხაბარელი.

ტეგები