რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2019 15:59
რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა

რუსეთის პატრიარქმა კირილემ რაულ ხაჯიმბას მიულოცა "აფხაზეთის პრეზიდენტად" ხელახლა არჩევა. კირილესგან მიღებული მისალოცი წერილი დე ფაქტო პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

რუსეთის პატრიარქი "საპასუხისმგებლოს" უწოდებს „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტს“ და აღნიშნავს, რომ „აფხაზეთის მოქალაქეები“ ხაჯიმბას უკავშირებენ "ცხოვრების დონის ამაღლების იმედს, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში დადებით ცვლილებებს და მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას".

„იმედი მაქვს შემდგომი საქმიანობისას, ადრინდელივით დაუთმობთ მნიშვნელოვან ყურადღებას ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებას, თანამედროვეთა სულიერ-ზნეობრივ და პატრიოტულ აღზრდას და საზოგადოებაში კონსოლიდაციის და თანხმობის განმტკიცებას“, - წერს პატრიარქი კირილე რაულ ხაჯიმბას.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხელახალი ვადით არჩეულად გამოცხადდა 8 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად.

განსხვავებით რუსეთის სახელმწიფოსგან, რომელმაც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა, რუსულ ეკლესიას აფხაზური ეკლესია ოფიციალურად აღიარებული არ ჰყავს.

radiotavisupleba.ge

ტეგები