გიგი წერეთელი ვარშავაში ეუთო-ს მიერ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2019 18:38
გიგი წერეთელი ვარშავაში ეუთო-ს მიერ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ვარშავაში ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით ეუთოს მიერ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა: „უნდა ვაღიაროთ, რომ ჰელსინკის საბოლოო აქტის მიღებიდან  ოთხი ათეული წლის შემდეგ, ადამიანის უფლებები და  უსაფრთხოება  კვლავ დიდ  გამოწვევას წარმოადგენს. უფრო მეტიც, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გვაქვს დაღმავალი ტენდენციებიც“.

მისი განცხადებით ეუთოს ბევრ ქვეყანაში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვანი ფუნქციონირებაც შეზღუდულია. შესაძლოა ხელისუფლებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული პოზიცია მოსაწონი არ იყოს, თუმცა ეს არ უნდა შეფასდეს როგორც საფრთხე, არამედ ხშირ შემთხვევაში როგორც პრობლემებზე არასწორი რეაგირების შედეგი. 

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ეუთო ფოკუსირებულია უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების კუთხით ყირიმსა და დონბასის რეგიონში, მაგრამ უკრაინა არ არის ეუთოს ერთადერთი წევრი ქვეყანა, სადაც მოსახლეობა კონფლიქტისა და ოკუპაციის გამო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება:

„თქვენთვის ცნობილია ჩემს სამშობლოში, საქართველოში არსებული ვითარება, სადაც უკანონო, ე.წ. „სასაზღვრო ზოლის“ გავლებისა და ოკუპანტების მხრიდან სხვადასხვა სახის დისკრიმინაცია თუ საფრთხე,  გაუსაძლისს ხდის ყოველდღიურ ცხოვრებას საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მართებთ ეფექტურად იმოქმედონ ამ ადამიანების უფლებების დასაცავად“, - განაცხადა . ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. 

გიგი წერეთელმა ისაუბრა მედია თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხებზე. როგორც მან აღნიშნა, გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად სხვადასხვა მექანიზმების გამოყენება არის მიუღებელი და განსაკუთრებულ ყურადღებას და რეაგირებას მოითხოვს.

ამავე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მიროსლავ ლაიჩეკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა, ოდირის ხელმძღვანელი ინდიგო გისლადოტირი. ღონისძიებას ესწრებიან ეუთოს 57 ქვეყნის ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.