რატი იონათამიშვილი: „როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე და თავისუფლების დაცვაზე, კომპრომისები ნამდვილად არ არსებობს“
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2019 21:18
რატი იონათამიშვილი: „როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე და თავისუფლების დაცვაზე, კომპრომისები ნამდვილად არ არსებობს“

„დღეს ნამდვილად არ მქონდა ისეთი სურვილი და განწყობა, რომ პოლიტიკური განცხადებებით დამეწყო, რადგანაც მიმაჩნია, რომ დღეს არის ის დღე როდესაც ჩვენ ერთმანეთთან პოლიტიკურ დისკუსიებში არ უნდა შევდიოდეთ, ვინაიდან ადამიანის უფლებები, ადამიანის უფლებებზე საუბარი არის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისათვის თანაბრად და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ძალის კუთვნილება. თუმცა როდესაც ამ დარბაზში მესმის ოპონენტებისგან, რომ თითქოს ეს არის ყველაზე მწვავე ანგარიში, რომელიც კი დაწერილა, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის პირველი ანგარიში, რომელიც კი მათ მოუსმენიათ. თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში არ იტყოდნენ და სოფო კილაძემ კარგად აჩვენა დიაგრამაზე ის სხვაობები, რაც არის სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებაში. და სწორედ აქ ჩანს ზუსტად ის მიმართულება, რომ რამდენად უფრო ნაკლები ადამიანი მიმართავს, რაც პირველ რიგში არის იმის ნიშანი, რომ უფრო მეტი ადამიანი პოვებს სამართალს საქართველოს სასამართლოებში და აღარ უჩნდება სურვილი მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. და როდესაც ამ საქმეების ტომები იდო ანგარიშებში, ის საქმეები არა აქვთ წაკითხული მათ, თორემ სხვანაირად ამას არ იტყოდნენ. არც ენდეაის ანგარიშით ასეთ სიხარულს არ ვურჩევდი მათ, იმიტომ, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ანგარიშშიც წერია, რომ ქართულ ოცნებას ორჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ ჩვენს ოპონენტს. და კიდევ, სირცხვილია, როდესაც საქართველოს პარლამენტში „ქარვასლის ლექსიკონით“ საუბრობენ პოლიტიკოსები და ვერც კი ხვდებიან, როგორ აყენებენ მილიონ ასიათას ადამიანს შეურაცხყოფას, რომ მიაჩნიათ რომ ეს ადამიანები შეიძლება როდესმე რამეზე გაიყიდონ. ეს არის სამარცხვინო, რა თქმა უნდა.



და კიდევ ერთხელ, ნამდვილად არ მეგონა, რომ დღეს ამ დარბაზში მოვისმენდი ერთ-ერთ დისკრიმინაციულ ტერმინს, რომელსაც ხშირად იყენებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ჩვენს ლექსიკას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმიტომ, რომ ჩვენ გვისმენენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, ახლა უკვე ასევე სმენის არმქონე ადამიანებს აქვს საშუალება რომ გაიგონ ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ და მეტი დელიკატობა გვმართებს და თუ გვინდა შშმ პირთა უფლებებზე ზრუნვა, შემწეობებზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, სწორედ თანაბარ უფლებებზე უნდა ვილაპარაკოთ, რაც ნამდვილად ძალიან კარგად და სწორად წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.



ქალბატონო ნინო, დღეს ძალიან ბევრს გსაყვედურობენ იმაზე, რომ არ აკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს და რატომ არ აკეთებთო. პირიქით, მე მინდა ამისთვისაც მადლობა გითხრათ იმიტომ, სახალხო დამცველის მანდატი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მანდატი უფლებადაცვის სფეროში, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სწორედაც არ აკეთებდეს პოლიტიკურ, არამედ სამოქალაქო განცხადებებს და სამოქალაქო მნიშვნელობის განცხადებებს აკეთებდნენ და ამ სტანდარტის დამკვიდრება და შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი.



ახლა უფრო გავაკეთებ ფოკუსირებას ანგარიშთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სახალხო დამცველის ანგარიში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად პარლამენტში განვიხილავთ და მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვაფასებთ ამ რეკომენდაციებს, რადგანაც ამითი ერთი მხრივ ჩვენ ფოკუსირებას ვაკეთებთ რეალურ პრობლემებზე, რეალურ გამოწვევებზე და, მეორე მხრივ, ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემები მომავალში იყოს გამოსწორებული და აღმოფხვრილი.



იყო საუბარი ციფრებზე, რასაც აუცილებლად მინდა ასევე შევეხო, იმიტომ, რომ 82% გაზიარებული რეკომენდაციების, ეს ჩვენთვის მხოლოდ ციფრები არ არის, რადგანაც აქ ჩანს ის დამოკიდებულება, რომელიც გაგვაჩნია თითოეული რეკომენდაციის მიმართ, რადგანაც ამ რეკომენდაციების აღიარება არის დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ის რეკომენდაცია თავისი შინაარსით, რომელიც თუნდაც ვერ ხვდება დადგენილების საბოლოო პროექტში, რადგანაც თუნდაც ერთი ადამიანი თუ თვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება მასზე ნამდვილად მოვახდინოთ ფოკუსირება, და ზუსტად ეს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ხელისუფლება, რომელიც არ ერიდება ადამიანის უფლებებზე მწვავე საუბარს, არის ორიენტირებული საკუთარი მოქალაქეების უფლებებზე, მათ კეთილდღეობასა და წინსვლაზე.



მე ძირითადად აქცენტს გავაკეთებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ეს თემა აქ საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ისმოდეს. თქვენ სწორად დასვით აქცენტი, ჩვენ როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ეს ნამდვილად ასეა, ეს არის დასაქმების მიმართულება, ეს არის მისაწვდომობის საკითხი, რომელიც ნამდვილად მოსაგვარებელია და ეს არის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ამ მხრივ ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებიც ფაქტობრივად ერთად შევიმუშავეთ და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მოკავშირეები ვიყოთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის და სწორედ ეს არის ერთერთი, ქმნის იმის საფუძველს და გარანტიებს, რომ ეს უფლებები იყოს დაცული. ასევე, მნიშვნელოვანი იყო მთელი ამ წლის განმავლობაში სპეციალური ანგარიშები, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, რომელიც ასევე იყო ფოკუსირება კონკრეტულ პრობლემებზე, მათგან ნამდვილად მინდა გამოვყო ინკლუზიური განათლების მიმართულებით და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მისაწვდომობის მიმართულებით. თქვენ გამოსვლაშიც ისაუბრეთ და მნიშვნელოვანია ის წინსვლა რაც ჩვენ საკანონმდებლო გარანტიებით შევქმენით, როდესაც მივიღეთ ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვახორციელებდეთ ზედამხედველობას და მონიტორინგს, რომ ეს ცვლილებები რამდენად რეალურად ხორციელდება საჯარო სკოლებში, ამიტომ ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი და სწორედ ეს არის განსაკუთრებულად საჭიროების მქონე მიმართულება, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ არსებობს მწვერვალი რომელსაც აღწევ უფლებებში და შეიძლება შენ კმაყოფილად იგრძნო თავი. ნებისმიერ გამარჯვებას სჭირდება განვითარება და ნებისმიერ მიღწეული წარმატება იმავდროულად არის მოტივაცია იმისი, რომ კიდევ უფრო მაღალი გარანტიები შექმნა ამ უფლებების დაცვის. ადამიანის უფლებები არის ალბათ ერთ ერთი დინამიური პროცესი, რომელსაც მუდმივად სჭირდება სიფხიზლე, რომელსაც მუდმივად სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ჩვენ მოწყვლადი ადამიანების უფლებებზე ვლაპარაკობთ - აქ არის ეს აბსოლუტური სიფხიზლე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ძალიან კარგი კანონები, ჩვენ შეიძლება მივიღოთ მნიშვნელოვანი აღსრულების მექანიზმები, მაგრამ მხოლოდ მუდმივი მონიტორინგი და ამ ყველაფრის მუდმივი ფოკუსის ქვეშ ყოფნა არის იმის გარანტია, რომ ეს პროცესი ვითარდებოდეს სწორად და ეხებოდეს რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს.



ეს ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული ანგარიშია, ნამდვილად იქნება ამ წელსაც ჩემი სამაგიდო წიგნი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემი სამოქმედო გეგმა და სახელმძღვანელო ჩემი მომავალი ერთი წლის მუშაობის, და ბოლოს მინდა ვთქვა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე, და თავისუფლების დაცვაზე, კომპრომისები ნამდვილად არ არსებობს, ჩვენ ნამდვილად უნდა ვიყოთ მაქსიმალისტები, რადგანაც თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მთლიანად საზოგადოების. ჩვენ ერთმანეთის უფლებების დაცვაზე ვართ დამოკიდებული, ერთმანეთის თავისუფლებაზე ვართ დამოკიდებული და ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი ნიშანსვეტი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები შეუქცევადი გზით ვითარდებოდეს“ , - განაცხადა რატი იონათამიშვილმა პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წელის ანგარიში მოსმენის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით.