რუსეთსა და ჩეჩნეთში ჯადოქრებისა და შამანების დაპატიმრება დაიწყეს
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 11:54
რუსეთსა და ჩეჩნეთში ჯადოქრებისა და შამანების დაპატიმრება დაიწყეს

ჩეჩნეთში ჯადოქრებთან ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში პოლიციამ სეკინატ იბრაჰიმოვა დააკავა. 

ჩეჩნური მედიის ცნობით, იბრაჰიმოვამ საკუთარი ბრალი აღიარა და პატიებაც ითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, სეკინატ იბრაჰიმოვა მაგიით 2013 წლიდან იყო დაკავებული. მისი სახლიდან პოლიციამ საკეტები, გასაღებები, ფურცელზე დაწერილი გაურკვეველი ტექსტები, სასაფლაოს მიწა და სხვადასხვა ადამიანების ფოტოები ამოიღო.

პროცესით მოსახლეობა კმაყოფილია და რესპუბლიკის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს ჯადოქრებთან ბრძოლისთვის მადლობას უხდის. 

სოციალურ ქსელში მოსახლეობა მადლობას უხდის პრეზიდენტს იმის გამო, რომ "რომ ის იცავს საკუთარ ხალხს ყველა ღია თუ ფარული მტრისგან". თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მომხმარებელი არ ეთანხმება ასეთ ქმედებებს და მას "შუასაუკუნოვან ინკვიზიციად" აფასებს.

19 სექტემბერს რუსეთის მილიციამ აგრეთვე დააკავა ხალხისთვის კარგად ნაცნობი შამანი, იაკუტიის მკვიდრი ალექსანდრ გაბიშევი. გაბიშევი მარტის თვეში მშობლიური ქალაქიდან მოსკოვისკენ ფეხით დაიძრა. მან უკვე 2800 კილომეტრი გაიარა ფეხით და ქალაქ ჩიტაში ყოფნის დროს ოპოზიციურ მომიტინგეებს შეუერთდა აქციაზე, სადაც სიტყვით გამოვიდა პუტინის წინააღმდეგ. შემდეგ მან გააგრძელა სვლა მოსკოვისკენ და თანამოაზრეთა მცირე გუნდიც შეუერთდა.

თვითმხილველების თქმით, ბურიატიაში ყოფნის დროს, გაბიშევს 40 ნიღბიანი პირი დაესხა თავს, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, ისე რომ არც უთქვამთ, ვინ იყვნენ და სად მიყავდათ შამანი.

ტეგები