რომან კაკულია: გლობალურად უნდა დავინახეთ ჩვენი, როგორც ამ რეგიონში მშვიდობის დამყარების რეალური კონტრიბუტორის როლი
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 20:01
რომან კაკულია: გლობალურად უნდა დავინახეთ ჩვენი, როგორც ამ რეგიონში მშვიდობის დამყარების რეალური კონტრიბუტორის როლი

პლენარულ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის გამოსვლის შემდეგ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ქეთევან ციხელაშვილი, ძალიან ბევრს აკეთებს შესაძლებლის ფარგლებში.

რომან კაკულიამ ოპონენტებს მიმართა, რომ ამ თემაზე საუბრისას ყველაზე მნიშვნელოვანია დავინახოთ კავშირი, რომელიც ზოგადად საგარეო მოცემულობასა და ამ სფეროში არსებული ჩვენი პრობლემების მოგვარებას შორის არსებობს.

მან მნიშვნელოვნად მიიჩნია განემარტა რას ნიშნავს საგარეო პოლიტიკის ნაწილში ჩვენი პრაგმატულობა. ასევე შეეცადა პასუხი გაეცა ზოგიერთი კითხვისთვის, რომელიც მინისტრის მიმართ დაისვა. კერძოდ, რომან კაკულიამ ოპონენტების საპასუხოდ განმარტა, საქართველოს მხრიდან სანქციის მხარის არ დაჭერის მიზეზი და განაცხადა -„სანქციები არის განვითარებული მსოფლიოს მცდელობა სამართლებრივ ჩარჩოში იძულებით მოიყვანოს რუსეთი, რაც ძალიან ძნელი თემაა. ამ შეთხვევაში სანქციებთან მიერთება ნიშნავს შენს კონტრიბუციას ამ საერთაშორისო მცდელობაში. და მოდით დავფიქრდეთ, განა ჩვენი კონტრიბუცია რუსეთის მიმართ ამ პოლიტიკის განხორციელებაში ვინმეზე ნაკლებია? და თუნდაც ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ამ სანქციებში დადებითი კონტექსტით შემოდიან, ჩვენ მათზე მეტი არ ჩავდეთ ამ კონტრიბუციაში? და განა ჩვენ იმაზე მეტს არ ვიმსახურებთ რასაც ვღებულობთ?“

მისი თქმით, „ამ კონტრიბუციაში ჩვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება გვაქვს ამაში ჩადებული. ამიტომ მკაფიოდ უნდა იყოს ლაპარაკი იმაზე, თუ რა არის საქართველოში ნატო-ს ინტერესი“ მან ნატოს გენერალური მდივნის პრესკონფერენცია გაიხსენა, სადაც მან განაცხადა, რომ -„არავის არ აქვს უფლება წინააღმდეგობა გაუწიოს ნატოში ახალი წევრის მიღებას, თუ ამ წევრს ამა თუ იმ რეგიონში შეუძლია სერიოზული კონტრიბუცია შეიტანოს იქ მშვიდობის და სტაბილურობის დამყარების საკითხში“.

„სწორედ ეს არის მათი ინტერესი ჩვენთან“, განაცხადა რომან კაკულიამ - „ამ რეგიონში თუ ჩვენ ეს ფუნქცია გვაქვს მონიჭებული, რომ შეგვიძლია ამ რეგიონის სტაბილურობაში ვითამაშოთ ჩვენი პოზიტიური როლი, მაშინ დავფიქრდეთ ამ ტრენდს ვინ ეწინააღმდეგება და ზუსტად რა ტიპის წინააღმდეგობაში ვართ შესული. და თუ ნატო თავს იკავებს სხვადასხვა შემთხვევაში მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პოზიციის, ანუ ამ რეგიონში სტაბილურობისათვის ნაბიჯების გადადგმის საკითხში, მაშინ ჩვენ სხვაზე მეტი ნაბიჯები რატომ უნდა გადავდგათ, თუ გარანტიებს არ მივიღებთ იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა იქნება დაცული?“.

მან ასევე თხოვნით მიმართა კოლეგებს, დაიწყონ საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესები კი არ არის მთავარი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან, არამედ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინტერესები საქართველოში „და ამ ინტერესებში საქართველომ ჩადიო ძალიან ბევრი. და თუ ჩვენ ახლა სანქციების თემასაც უნდა მივერთებოდით, მაშინ გაცილებით მეტი უნდა მიგვეღო უკან და ჩვენმა კოლეგებმა უნდა დაინახონ, ამის შემდეგ უფრო ეფექტური იქნება საზღვრის გასწვრივ გაკეთებული ყველა ნაბიჯი. გასაგებია საწარმოების გახსნა ნორმალურია, მაგრამ გაუგებარია აქ პროევროპულობაზე შეჯიბრი“.

რომან კაკულიამ ტერმინ პროევროპულობაზეც გაამახვილა ყურადღება, რასაც ოპონენტები ხშირად იყენებენ და განაცხადა, -„პროევროპული არის ის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ რუსული ტანკი აღარ დაიქოქება და აქ იქნება ისეთი ტიპის მშვიდობა, როდესაც ინვესტორი მოვა და ჩადებს ფულს. მე ვიცი, რომ წარმოვადგენ იმ გუნდს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ტანკი არ უნდა დაიქოქოს.

თუ ჩვენ ზოგადად, გლობალურად არ დავინახეთ ჩვენი როლი, როგორც ამ რეგიონში მშვიდობის დამყარების რეალური კონტრიბუტორის, ყოველთვის ვიქნებით, (მაპატიეთ ეს გამოთქმა) ხელგაწვდილის პოზაში, რასაც არ ვიმსახურებთ არანაირად. იმიტომ, რომ გავიმეორებ, გაცილებით მეტი ჩავდეთ ჩვენ ამ რეგიონში ნატოს ინტერესებისათვის, ვიდრე ჩვენ ამის საპასუხოდ მივიღეთ“.

ტეგები