ირაკლი ბერაია: ჩვენი - ქართველების, აფხაზების და ოსების ერთიანი ძალისხმევა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა აუცილებლად დაანგრევს ხელოვნურ ბარიერებს
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 21:18
ირაკლი ბერაია: ჩვენი - ქართველების, აფხაზების და ოსების ერთიანი ძალისხმევა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა აუცილებლად დაანგრევს ხელოვნურ ბარიერებს

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დეტალურად ასახავს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

ირაკლი ბერაიამ თავის გამოსვლაში გააკრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ ვერ მიიღებს შენიშვნებს იმ ადამიანებისგან, „ვინც რეალურად თავიანთი მავნებლობით, ისევე როგორც რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიასთან ერთად, დღეს რეალობად აქცია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია“.

„ნამდვილად ვერ გავიზიარებ შენიშვნებს იმ ადამიანებისგან, ვინც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ომი, მაშინ როდესაც არსებობდა ფართომასშტაბიანი ინტერვენციის ყველანაირი წინაპირობა მთელი ამ წლების განმავლობაში. მაშინ, როდესაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდა პროვოკაციები, როდესაც 2007 წელს ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე ღიად განაცხადა, რომ ის არ დაუშვებდა ნატოს გაფართოებას საკუთარ საზღვრებთან, როდესაც რუსეთის ფედერაციამ დატოვა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულება, როდესაც 2008 წლის მარტში რუსეთი ცალმხრივად გავიდა დსთ-ს სახელმწიფოთა ლიდერების ერთობლივი განცხადებიდან, რომელიც კრძალავდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე იარაღის შეტანას და მიწოდებას. როდესაც იწმინდებოდა რკინიგზა, შემოედინებოდა სამხედრო ტექნიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ორმაგდებოდა ე. წ. სამშვიდობოების რაოდენობა, როდესაც ტარდებოდა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები „კავკას-2008“ და მზადდებოდა ყველანაირი წინაპირობა ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისთვის. ამ საფრთხის თავიდან აცილებას სჭირდებოდა გონივრულობა, წინდახედულობა, სამშობლოს სიყვარული, რომელიც, სამწუხაროდ, იმდროინდელ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა და ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი ტრაგედია, რასაც მოჰყვა ადამიანების დაღუპვა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამა.

მისი თქმით, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებენ პოლიტიკურ ძალას, არიან „ჩვეულებრივი მავნებლების, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების და ავანტიურისტების ჩვეულებრივი ბრიგადა, რომლებიც მზად იყვნენ იმისათვის, რომ ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინათ ხელისუფლება და დღესაც ნებისმიერ ფასად სურთ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“.

ირაკლი ბერაიამა კოლეგებს შეახსენა კონფლიქტების მოგვარების კუთხით მოქმედი ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯები და განაცხადა რომ დღეს ხელისუფლება ატარებს გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც პირველ ყოვლისა გულისხმობს მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას: „იმ პირობებში როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის დისლოცირებული ათი ათასკაციანი რუსული სამხედრო კონტინგენტი, შეტევითი შეიარაღება, როდესაც ყოველდღიურად ადგილი აქვს ძალიან მძიმე ინციდენტებს, ამ პირობებში ჩვენ შევძელით მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, ინციდენტების პრევენცია და მათი მართვა“, - აღნიშნა მან.

„ჩვენ პარალელურად ვანმტკიცებთ ჩვენს დემოკრატიას, ჩამოვყალიბდით ნატო-სთვის ყველაზე თავსებად ასპირანტ სახელმწიფოდ და ვსარგებლობთ ევროკავშირთან უვიზო, ისევე როგორც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, - ეს არის ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ ვქმნიდით წლების მანძილზე ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ეს არის ის პროგრესი, რომლის შენარჩუნებას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - ნებისმიერმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა ჩვენ შეიძლება გადაგვისროლოს გაცილებით უკან, იმ საწყისი ნულოვანი ნიშნულიდან, საიდანაც ჩვენ რეალურად ეს პროცესები დავიწყეთ. განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს დეოკუპაციის სფეროში შერიგების და ჩართულობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, რომელიც არის ქვაკუთხედი ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტები, რომლებიც ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას და კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს პოლიტიკა უკავშირდება მომავლის ერთიან ხედვას ერთიან ევროპულ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ყველა მოქალაქის და ეთნიკური ჯგუფის იდენტობა, მათი ღირსება და მათი უფლებები. იმ დროს როდესაც საოკუპაციო ძალა ჩვენს მოქალაქეებს აშინებს იარაღით და ხელოვნური ბარიერებით, ჩვენ მათ ვთავაზობთ რეალურ პირობებს მათი ნორმალური განვითარებისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მან სამშვიდობო პოლიტიკის წარმატებაში, ამ კუთხით კრეატიული და საზოგადოებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებაში, ახალი ინსტრუმენტის დანერგვაში ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის და მისი გუნდის განსაკუთრებული როლი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ითვალისწინებს ვაჭრობის წახალისებას გამყოფი ხაზების გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლების ახალი შესაძლებლობების განვითარებას. ირაკლი ბერაიას შეფასებით, წარმოდგენილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ წლების მანძილზე ეს არის ერთ-ერთი ნათელი და პროდუქტიული ინიციატივა, რაზეც მეტყველებს ამ ინიციატივის ბენეფიციართა და მათში ჩართული ადამიანების რაოდენობა.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია დეოკუპაციის სფეროში ჩვენი დიპლომატების და საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული ხელშესახები შედეგები: საქართველოს საკითხი სულ უფრო აქტიურად განიხილება მაღალ ტრიბუნებზე, როგორც გაეროს სხვადასხვა ინსტიტუტებში, ნატო-ს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ფორმატებში, ისევე როგორც აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში; პირველად ამოქმედდა შემზღუდავი ნორმები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში; ამოქმედებულია პოლიტიკური ზეწოლის ისეთი მექანიზმები, როგორიცაა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები, ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები, უმაღლესი კომისრის ანგარიშები და სხვა; 2016 წლიდან პრაქტიკად იქცა ეუთო-ში საქართველო მეგობარი ქვეყნების მხრიდან ოკუპაციის დამგმობი და ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება და სხვა, რომლებიც სოლიდარულია საქართველოს მიმართ; წარმატებით ხორციელდება არაღიარების პოლიტიკა და ჩვენი დიპლომატია წარმატებით მუშაობს ამ მიმართულებითაც.

„ჩვენი - ქართველების, აფხაზების და ოსების ერთიანი ძალისხმევა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა აუცილებლად დაანგრევს ხელოვნურ ბარიერებს. ჩვენ გვინახავს ამის მაგალითები წარსულში და ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ტეგები