მოძრაობა "სირცხვილიამ" სამოქმედო გეგმა წარადგინა
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 22:42
მოძრაობა "სირცხვილიამ" სამოქმედო გეგმა წარადგინა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა მგანაცხადა, „სირცხვილიას“ მთავარი მიზანი 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება იქნება, შესაბამისად სამოქალაქო საზოგადოებამ ჩართო წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე დაასრულებს.

„ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები - ექიმები, იურისტები, ჟურნალისტები, პოლიციელები, მასწავლებლები, ხელოვანები და მეცნიერები, სტუდენტები და პენსიონერები, სპორტსმენები და მაღაროელები - ყველა ის, ვისი სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტიც უკვე სამი თვეა გრძელდება.

როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ ქვეყნის სამსახურში, ჩვენ ვცვლით ქვეყანას უკეთესობისკენ. განსხვავებულთა ერთობამ მოგვიტანა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. რამდენიმე კვირის წინ ამან მოგვიტანა სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი გამარჯვება - პროპორციული არჩევნები.

დღეს ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავრთეთ წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე დაასრულებს. ჩვენ, მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია მშვიდობიანად დავასრულოთ მტერთან კოლაბორაციაში მხილებული ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა.

ჩვენ შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა მობილურ ჯგუფებს თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც ივანიშვილის მსახურებს მოსვენებას არ მისცემენ. იურიდიულ მხარდაჭერას გავუწევთ 20 ივნისის ღამის დაშავებულებს და დაკავებულებს. შევქმნით სწრაფი რეაგირების იურიდიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის წევრებს და სახელმწიფოს მიერ რეპრესირებულ ყველა ადამიანს. ჩვენ შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომლებიც ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიას დაამარცხებს. შევქმნით ელფების არმიას, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ტროლებს, ვაწარმოებთ ფართომასშტაბიან კამპანიას, რათა 2020 წელს მოქალაქეთა კრიტიკულმა უმრავლესობამ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

 

ტეგები