კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას - დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტებას აკეთებს
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 23:08
კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას - დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტებას აკეთებს

"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე განმარტებას აკეთებს:

"შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების, რბილად რომ ვთქვათ, სპეკულაციური ინტერპრეტაცია გაავრცელა დღეს ერთ-ერთმა ორგანიზაციამ.

ბევრი კითხვაც მივიღე და სამწუხაროდ, ყველას ვერ ვპასუხობ სათითაოდ.

ვეცადე საინფორმაციო საშუალებებით გამეცა პასუხები, თუმცა, აქაც მინდა პოზიცია განვმარტო მოკლედ და საგნობრივად.

საქმის ვითარება არის შემდეგი:

კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას. კანონპროექტი უკრძალავს დამსაქმებელს იძულებით, სამსახურიდან გაგდების მუქარით ან ნებისმიერი სხვა ფორმით აიძულოს დასაქმებული დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი ამუშაოს.

დღეს ხელოვნურად იქნა ატეხილი აჟიოტაჟი კონკრეტული პირების მიერ იმისათვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის პროცესი სათავეშივე იყოს დისკრედიტებული.

კანონი ემსაუხრება ცალსახად უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვას შრომით ურთიერთობებში, განსაკუთრებული აქცენტით დასაქმებულების ინტერესების დაცვაზე;

კანონის დახვეწის საჭიროება გამომდინარეობს იმ საკმაოდ მძიმე ვითარებით, რაც ამ სფეროშია და რაზეც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ხმამაღლა საუბრობს. პროფკავშირებს მუდმივი განგაში აქვს ატეხილი, გვაკრიტიკებს ბევრი საერთაშორსო არამსათავრობო ორგანიზაცია, მუდმივად მიგვითითებს სახალხო დამცველი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის სტრუქტურები და, რაც მთავარია, ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურობაში, ყოველ ნაბიჯზე.

ბევრი სპეკულაცია იყო, მაგრამ კანონპროექტი სინამდვილეში გულისხმობს:

✅ დისკრიმინაციის აკრძალვას;

✅ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გაცილებით მაღალ სტანდარტს;

✅ სტაჟირების ინსტიტუტის შემოღებას და სტაჟიორების უფლებების დაცვას;

✅ სამუშაო დროის რეგულირებას და მონური შრომის აკრძალვას;

✅ ზეგანაკვეთური შრომის მომატებული ტარიფით ანაზღაურება;

✅ გარანტირებულ შესვენებას, დასვენებას და შვებულებას;

✅ სამსახურიდან ადამიანების უმიზეზოდ განთავისუფლების აკრძალვას;

✅ კონსულტაციებსა და ინფორმაციის გაცვლას დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის;

✅ მასობრივი დათხოვნის შემთხვევაში, დასაქმებულებისათვის გარკვეული გარანტიების მიცემას;

⚠️ რაც მთავარია, იმისათვის რომ ეს კანონი იყოს ქმედითი, შემუშავებულია ზედამხედველი ორგანოს - შრომის ისნეპქციის კანონი და კანონში გათვალისწინებულია აღსრულების მექანიზმები, მათ შორის სანქციები;

კანონპროექტები აგებულია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებზე, რომელთა კანონმდებლობაში ასახვის ვალდებულება გვაქვს ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით.

ასევე, ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელი წინაპირობაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების დასაწყებად.

რაც შეეხება კანონპროექტების განხილვის პროცესს:

❇️ კანონპროექტი ჯერ არც კი დაინიცრებულა. დღეისათვის პროექტი მომზადებულია, ჩატარდა პირველი შეხვედრა დაინტერესებულ 30-მდე ორგანიზაციასა და უწყებასთან. ამასთან, დაგეგმილია კიდევ მრავალი დეტალური განხილვა და მხარეთა პოზიციების დაახლოება.

❇️ შენიშვნები მოწოდებული აქვს სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, ბიზნეს ომბუცმენს, სამინისტროებს.

❇️ იგეგმება შენიშვნების გაანალიზება და პოზიციათა დაახლოება.

ყველაფერი ამის მიუხედავად საქართველოში მუდმივად იქნებიან ადამიანები, ვინც მოწოდებული იქნებიან, ქვეყანაში შეინარჩუნონ მონური შრომა", - წერს სოციალურ ქსელში ცქიტიშვილი.

ტეგები