ზაზა გაბუნია: აქ ცალკეული საქმეები იყო აღწერილი ჩემი კოლეგების მიერ, სადაც მათ შორის გამოჩნდა, რომ პრაქტიკულად სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩამოართვით და წაართვით ცალკეულ ბრალდებულებს
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2019 14:19
ზაზა გაბუნია: აქ ცალკეული საქმეები იყო აღწერილი ჩემი კოლეგების მიერ, სადაც მათ შორის გამოჩნდა, რომ პრაქტიკულად სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩამოართვით და წაართვით ცალკეულ ბრალდებულებს

ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ წევრი ზაზა გაბუნია დაინტერესდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ერემაძეს, რომელსაც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ, აქვს თუ არა სამოსამართლეო წარსულში ისეთი რამ, რაც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ახლა პარლამენტარების წინაშე. ზაზა გაბუნია, მათ შორის, კონკრეტული საქმეებითაც დაინტერესდა.

„აქ ცალკეული საქმეები იყო აღწერილი ჩემი კოლეგების მიერ, სადაც, მათ შორის, გამოჩნდა, რომ პრაქტიკულად სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩამოართვით და წაართვით ცალკეულ ბრალდებულებს. აქ, მათ შორის, დაჩი ცაგურიას საქმე იქნა ნახსენები, და ადვოკატის გამოყენების უფლება, და პრაქტიკულად ისინი თქვენ ჩააყენეთ არასამართლიან მდგომარეობაში შეჯიბრობითობის თვალსაზრისით. ვაკონკრეტებ, ეს გიქმნით თუ არა რაიმე უხერხულობას ახლა, როდესაც შეკითხვებზე სცემთ პასუხს და როდესაც რაღაც მაღალ იდეალებზე ვლაპარაკობთ, სასამართლოზე ვლაპარაკობთ, დემოკრატიაზე და ამ ფასეულობებზე“, - დაუსვა კითხვა ზაზა გაბუნიამ კანდიდატს, როდესაც მისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია პრინციპებზე ლაპარაკი: „რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტერმინები, ცნებები უდავოდ, მაგრამ პრინციპები გაცილებით მნიშვნელოვანია. მე, საზოგადოებამ აქ მოვისმინეთ, თქვენ არ უარგიყვიათ ის რომ იქ იყო, ჩემი აღქმით, ხარვეზი, როდესაც მას არ ეძლეოდა შესაძლებლობა, მის ადვოკატს არ ეძლეოდა სრულფასოვნად დაცვის შესაძლებლობა და ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს ყურადსაღები საკითხია, როდესაც ჩვენ განვიხილავთ თქვენს პორტრეტს როგორც მოსამართლისას, რომელსაც ძალიან მაღალი პოზიციის დაკავება სურს უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ კანდიდატის საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ თითოეულ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილება იყო სწორი და თუ მხარე არ ეთანხმებოდა, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებით მას ჰქონდა გზა, თვითონ კი, გადაწყვეტილებებს საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე იღებდა.

„თქვენ იცნობთ დაჩი ცაგურიას სარჩელს ევროპულ სასამართლოში? არა? მე მოგიწოდებთ გაეცნოთ, ვინაიდან რაზეც ახლა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, იმ სარჩელში ეს ყველაფერი წერია. მე გისმენდით და თქვენ ცალკეულ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, თქვენ შეკითხვებზე პასუხს თავი აარიდეთ იმ მოტივით, რომ ეს იქნებოდა არაეთიკური. თქვენი მხრიდან ასეთი პასუხი არაერთხელ იყო, არა და არის პრინციპული საკითხები, რაზეც ჩვენ გვსურს მოვისმინოთ თქვენი პრინციპული პოზიცია. ამიტომ მიჩნდება სრულიად ბუნებრივად კითხვა, არა ეთიკა ცალკე აღებული, არამედ რა უფრო მნიშვნელოვანია ეთიკურობა თუ პრინციპულობა? თქვენთვის ღირებულებითად რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან პრაქტიკულად ის, რომ ეს არაეთიკურიაო - საფარი გახდა თქვენთვის კითხვებზე პასუხის გაცემისას და ამიტომ უპასუხოდ დატოვეთ შეკითხვები. აქ უკვე თავს იჩენს შემდეგი მნიშვნელოვანი ღირებულება, როგორიცაა პრინციპულობა, მით უმეტეს როდესაც მოსამართლეზე ვლაპარაკობთ“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ, რომლის შეფასებით ბევრი პრინციპული საკითხი პასუხგაუცემელი დარჩა მოსამართლის მხრიდან და მომავალშიც ისე ხომ არ მოხდება, რომ რაღაცამ დაჩრდილოს მისი პრინციპულობა? ზაზა გაბუნია ასევე დაინტერესდა კანდიდატის მოსაზრებებით, თუ რითია გამოწვეული ის კრიტიკა, რომელიც ზოგადად სასამართლოს მიმართ გაისმის.

ტეგები