თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა“
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2019 19:35
თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა“

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი ლენა ნაზარიანი ხელმძღვანელობს.

„ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა. გარკვეულ თემებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გვაქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა. სომხეთის პარლამენტის ახალ შემადგენლობას თავისი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ამბიციური და პოზიტიური გეგმები აქვს. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ეს მხოლოდ მისასალმებელია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრაზე პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„ბევრ თემასთან დაკავშირებით სომეხ კოლეგებს აინტერესებთ ჩვენი გამოცდილების გაზიარება, ბევრ საკითხზე ჩვენ გვსურს სომხეთის პარლამენტთან ურთიერთობა. დღევანდელი შეხვედრა ამისთვის ძალიან კარგი დასაწყისი იყო“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

ტეგები