თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა: ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი ციხიდან გამოსაშვები არ არის
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 10:53
თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა: ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი ციხიდან გამოსაშვები არ არის

ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი ციხიდან გამოსაშვები არ არის. სულ მცირე, მას საადვოკატო ლიცენზია უნდა ჩამოერთვას, - ასე გამოეხმაურა თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის ნაიარა ოტიაშვილის დაკავებას ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი.

როგორც მამუკა ნაცვლიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, მისთვის უცნობია, თუ რას უკავშირდება ნაირა ოტიაშვილის დაკავება, თუმცა, მზად არის, სასამართლოში მის წინააღმდეგ ჩვენებაც კი მისცეს.

„არავის ციხეში ჩასმას და არავის სიკვდილს ქრისტიანი ადამიანი არ ისურვებს, მაგრამ ეს ქალი ციხიდან გამოსაშვები არ არის. სულ მცირე, მას საადვოკატო ლიცენზია უნდა ჩამოერთვას. მან ჩემ შვილზე ისეთ რაღაც ილაპარაკა, რაც არც კანონით და არც ეთიკითაა გამართლებული“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.

მამუკა ნაცვლიშვილი ადვოკატებს მიმართავს და მოუწოდებს, კოლეგა არ დაიცვან, ვინაიდან ის ამას არ იმსახურებს.

„ეს არ არის ისეთი ადამიანი, ვის გამოც შეიძლება გამოხვიდე, გაამართლო და მხარი დაუჭირო. ეს შეიძლება მხოლოდ ოჯახის წევრმა გააკეთოს და მისი ციხეში ჩასმა არ მოისურვოს. მივმართავ ადვოკატებს, რომლებიც მას იცავენ და გულშემატკივრობენ, გადახედეთ ნაირა ოტიაშვილის საქმიანობას. თუნდაც, ჩემი შვილის საქმეში მის როლს. ჩემი შვილის ცხედარი გაციებულიც არ იყო, ჩირქი რომ მოსცხო. ამის დამადასტურებელი ფაქტებიც მაქვს. თუ საჭირო იქნება, სასამართლოშიც წარვსდგები ჩვენების მისაცემად“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ნაირა ოტიაშვილს ჩემი შვილის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, ადვოკატთა ასოციაციიდან გაფრთხილება აქვს მიღებული.

ცნობისთვის, თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცრუ დასმენას, ანგარებით, ან პირადი მოტივით. ოტიაშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

ამასთან, რამდენიმე თვის წინ, ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილისა და დამოუკიდებელი ექსპერტების, ალექსანდრე გეჯაძისა და გია გოგიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. როგორც მაშინ ნაცვლიშვილმა განაცხადა, ადვოკატს მოკლული შვილის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, დამოუკიდებელ ექსპერტებს კი, გაყალბებული ექსპერტიზისთვის უჩივლა.

ცნობისთვის, 2018 წლის 22 თებერვალს, ანა ნაცვლიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა შეყვარებული სახლიდან გაიყვანა და დანით 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე ლადო გრიგალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

ტეგები