ანრი ოხანაშვილმა და თამარ ხულორდავამ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში კარლ ჰარცელთან და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრეს
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 15:18
ანრი ოხანაშვილმა და თამარ ხულორდავამ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში კარლ ჰარცელთან და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ევროკავშირი და ჩვენი მეგობარი ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს ამ მონაპოვარის შენარჩუნებას და შემდგომ განმტკიცებას.

„აქედან გამომდინარე, დღეს საუბარი იყო საკანონმდებლო კუთხით ამ საკითხთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედით ნაბიჯებზე და შემდგომ თანამშრომლობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე საზღვრის კონტროლთან დაკავშირებით. არსებობს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი, რომლის წარმომადგენლებიც ძალიან კარგად თანამშრომლობენ ევროკავშირის ქვეყნებთან. ჩვენ დადებული გვაქვს შეთანხმება ევროჯასტთან და ამ შეთანხმებიდან გამომდინარე მოხდება მეკავშირე პროკურორის წარგზავნა ევროჯასტში. ჩვენ ძალიან მტკიცე და სწორ ნაბიჯებს ვდგამთ ევროკავშირის ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის და კიდევ უფრო დაახლოებისთვის. დღევანდელი შეხვედრა დაეთმო ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზს და შემდგომ ნაბიჯებს. ჩვენი ეს მონაპოვარი, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული იქნება და რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ მტკიცე. ევროკავშირიც მტკიცედ უჭერს მხარს ამ საკითხების ირგვლივ შემდგომ დისკუსიას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

თამარ ხულორდავას განცხადებით, უვიზო მიმოსვლა არის ის უმნიშვნელოვანესი შედეგი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში აქვს.

„უვიზო მიმოსვლის მიღების შემდეგ, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან - ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომ რაიმე საფრთხე არ შეექმნას უვიზო რეჟიმის მოქმედებას. ამ რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, სამწუხაროდ, დაუსაბუთებელი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაზრდილია ზოგიერთ ქვეყანაში განსაკუთრებით, ამიტომ ჩვენ რეგულარულად გვაქვს გარკვეული ინფორმაციის გაცვლა ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირიდან“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების ინფორმაციას წელიწადში ორჯერ ისმენს.

„ამ მოსმენების მიზანია ზედმიწევნით სწორად განვახორციელოთ ყველა ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლას რაიმე საფრთხე არ შეექმნას. არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო და არსებობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზეც ახლაც მიმდინარეობს მუშაობა. ამ საკითხებზე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ევროკავშირის ელჩებთან. ველოდებით ევროკავშირის მისიის დასკვნას ერთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, რომელიც სასაზღვრო კონტროლის საკითხს ეხება. ვისაუბრეთ, ასევე, სამართალდამცავების თანამშრომლობაზე, რეადმისიის შესრულებაზე და სხვა საკითხებზე“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

ტეგები