ვინ არის უკრაინაში მოკლული ქართველი? - ახალი დეტალები
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 19:00
ვინ არის უკრაინაში მოკლული ქართველი? - ახალი დეტალები

უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული საქართველოს მოქალაქე ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილი აღმოჩნდა. ინფორმაციას "იმედინიუსი" შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ 10 დღის წინ ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა. პოლიციამ მას ხოტიანოვკის დასახლებაში მიაკვლია.

მოკლული ჭიჭიაშვილის სახელი გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა. 2018 წლის 18 თებერვალს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არხს "ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრი, კონსტანტინე ციხისთავი დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად ციხეშია". ტელეკომპანიის ცნობით, ციხისთავი ამტკიცებდა, რომ გიორგი სანაია შოთა ჭაჭიაშვილმა მოკლა და რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა [შევარდნაძის] მთავრობაში დაიგეგმა.

შოთა ჭიჭიაშვილის სახელი ფიგურირებს დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეშიც. თარგამაძის მტკიცებით, მისი მანქანის აფეთქების უკან სწორედ ჭიჭიაშვილი დგას. თარგამაძის მანქანა 2016 წლის 4 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ თბილისში, ათონელის ქუჩაზე ააფეთქეს. ამ საქმეში ბრალდებული დავით (დრაჩო) ხეჩუაშვილია, რომელმაც მომხდარის შემდეგ ქვეყანა დატოვა. საქმეში ასევე ფიგურირებენ ხეჩუაშვილის სიძე და დიმიტრი აბრამიშვილი, რომელიც არსებული ინფორმაციით შოთა ჭიჭიაშვილის ახლობელია. თავად ჭაჭიაშვილმა თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან კავშირი უარყო.

შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილმა ციხე 2013 წლის 3 ივნისს, ამნისტიის საფუძველზე დატოვა. მას ადამიანის გატაცებებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ტეგები