ირაკლი კოვზანაძე: კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა შექმნა საფუძველი აუდიტის სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების უფრო ეფექტიანად განხორციელებისათვის
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 19:52
ირაკლი კოვზანაძე: კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა შექმნა საფუძველი აუდიტის სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების უფრო ეფექტიანად განხორციელებისათვის

„2016 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა და ასევე, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თაობაზე“ კანონში სტატუსის ორგანულ კანონად ამაღლებამ, შექმნა მეტი საფუძველი ამ სამსახურის არა მხოლოდ ინსტიტუციონალური გაძლიერების და დამოუკიდებლობის ზრდისთვის არამედ, მის წინაშე მდგარი ამოცანების უფრო ეფექტიანად, სიღრმისეულად და ოპერატიული განხორციელებისათვის“, - აღნიშნული განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშში გათვალისწინებულია ყველა ის მოსაზრებები, რაც ერთი წლის წინ კომიტეტის მიერ იქნა გამოთქმული. მისი განცხადებით:

• 2018 წელს სამსახურის საქმიანობის შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 4%-ით და შეადგენს 85%, რაც ნიშნავს, რომ ჩატარებულმა აუდიტებმა მოიცვა 11 მილიარდი ლარი.

• სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი გაზრდილია. ის იყო 43% და ახლა როგორც დაგეგმილი იყო ის ადის 60%-მდე.

• სისტემური ანუ, მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი 25-დან 47%-მდე გაიზარდა.

• სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნილი იქნა 33 აუდიტის მასალა. „იმისთვის რომ გავიგოთ რა ბედი ეწია ამ რეკომენდაციებს, ვფიქრობთ, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, იურიდულ კომიტეტთან და პროკურატურასან ერთად, დავნერგოთ პრაქტიკა და მონიტორინგი გავუწიოთ - თუ რა ბედი ეწია ამ გადაგზავნილ დასკვნებს.

• სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ გაზრდილი არის ნდობის ხარისხი.

• საერთაშორისო აუდიტების მხრიდან, აუდიტის სამსახური 2018 წლიდან გახდა მსოფლიო ბანკის აუდიტორი ორგანიზაცია.

• ხარისხის კონტროლის პროცედურების გავლის შემდეგ, აუდიტის სამსახური აღიარებული იქნა USAID -ის პროექტების აუდიტორად.

• გასულ წლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტი ხორციელდებოდა პარლამენტში შექმნილი დროებითი კომისიის მიერ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2018 წლის ანგარიში არის პირველი ანგარიში, რომელსაც თან ერთვის საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეული წევრების მიერ გაცემული დასკვნა.

„ეს იყო ჩვენი ინიციატივა, ამიტომ საპარლამენტო ჯგუფის მიერ ჩატარებული აუდიტის ნაცვლად, წელს ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი აუდიტორიისგან, დიდი ოთხეულის მიერ გაკეთებული დასკვნა, რომელიც ახლავს ანგარიშს. ეს დასკვნა არის უპირობო, რაც მიუთითებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მაღალ სტანდარტს. პარლამენტის ისტორიაში და საერთოდ რაც აუდიტის ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ხდება, ეს არის პირველი წელი, როდესაც დამოუკიდებელი აუდიტი წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო აუდიტის ფინანსურ ანგარიშგებაზე და ეს ჩვენ გავაკეთეთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, შექმნილი იყო აუდიტის სამსახურის ანგარიშგების განმხილველი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სხვადასხვა ანგარიშები და დასკვნები განიხილა და წლის განმავლობაში შეიმუშავა 61 რეკომენდაცია.

„პარლამენტის რეგლამენტის ახალი მუხლების შესაბამისად და ევროკავშირის პროგრამებთან თანამშრომლობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 28 თებერვლის შემდგომ ასევე, როგორც მუდმივმოქმედი განმხილველი ჯგუფი, პერმანენტულ რეჟიმში განიხილავს და შეისწავლის აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებულ აუდიტებს და რეაგირებას ახდენს მათზე. ამ მდგომარეობის მიხედვით, გაკეთებული არის 37 რეკომენდაცია, რომელიც ასევე, არის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დამტკიცებული. ასევე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და ევროკავშირის პროგრამების თანამშრომლობის შედეგად, 1 ივლისის შემდეგ, გამოცემული ნებისმიერი დასკვნა, უკვე სხვადასხვა ფორმატის მიხედვით იქნება განხილული სამუშაო ჯგუფზე. ის 90 დასკვნა რომელსაც სახელმწიფო აუდიტი აკეთებს წლის განმავლობაში და იგზავნება პარლამენტში, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მუდმივმოქმედი ჯგუფზე იქნება განხილული|“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ტეგები