"დღეს ღამის 3 საათზე დაგირეკავ და მზად იყავი" - "ლურჯი ვეშაპის" სკანდალური შეტყობინებები მოსწავლეებს
ამობეჭდვა · 03 / 10 / 2019 14:11
"დღეს ღამის 3 საათზე დაგირეკავ და მზად იყავი" - "ლურჯი ვეშაპის" სკანდალური შეტყობინებები მოსწავლეებს

"ინფო რუსთავი" ავრცელებს სკანდალურ შეტყობინებებს, რომლებიც ქუთაისის სკოლის რამდენიმე მოსწავლემ მიიღო.

საინფორმაციო სააგენტოს მიერ გასაჯაროვებული შეტყობინებები დაბალი კლასის 2-მა მოსწავლემ 21 სექტემბერს მიიღო. წყარო, რომელმაც "ინფო რუსთავს" ფეისბუქ შეტყობინებების ამსახველი ფოტო მასალა მიაწოდა, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საქმე საშიშ ინტერნეტ თამაშ "ლურჯ ვეშაპთან" გვქონდეს. შეტყობინებებით ირკვევა რომ ტექსტის ავტორი დეტალურად არის ინფორმირებული თუ ვისთან მეგობრობს შეტყობინების ადრესატი, რომელ დღეს რამდენი გაკვეთილი აქვს, გაკვეთილების შემდეგ სად მიდის და ა.შ.

"მოგესალმები... მე ვიცი შენზე ყველა ფარული განზრახვა

მე ვიცი რომ შენ სწავლობ... საჯარო სკოლაში

შენი საუკეთესო მეგობარია...

და... შვილი ხარ

მე ყოველთვის გითვალთვალებ მაშინაც კი როდესაც სკოლა მორჩება და მანდატურების კაბინეტში ხარ

მე ყოველთვის გიყურებ და შენ ამას ვერ ამჩნევ

...... დღეს ღამის 3 საათზე დაგირეკავ და მზად იყავი", - წერენ ერთ-ერთ მოსწავლეს.

"მოგესალმები... მე ვიცი შენი ყველა ფარული განძრახვა

მე ვიცი რომ შენ სწავლობ ქუთაისის... საჯარო სკოლაში

მე ყოველთვის გიყურებ და შენ ვერ მამჩნევ

მე ვიცი რომ..... დადიხარ და ისიც ვიცი რომ შენი საუკეთესო მეგობარია ...

მასაც მივწერ გული არ დაგწყდეს", - წერენ მეორეს.

აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. საკითხთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით უწყებაში არ საუბრობენ.