CNN-მა ტრამპის ორი წინასაარჩევნო სარეკლამო ვიდეო დაბლოკა
ამობეჭდვა · 04 / 10 / 2019 10:38
CNN-მა ტრამპის ორი წინასაარჩევნო სარეკლამო ვიდეო დაბლოკა

ტელეკომპანია CNN-მა დაბლოკა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ორი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომლებიც, ტელეკომპანიის აზრით, მცდარ ინფორმაციას შეიცავს და მათ ჟურნალისტებზე უსამართლო თავდასხმას წარმოადგენს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს.

ეს უჩვეულო, თუმცა არა უპრეცედენტო შემთხვევაა. გასული წლის შუალედური არჩევნების წინ აშშ-ის წამყვანმა ტელეკომპანიებმა, მათ შორის Fox News-მა, დაბლოკეს სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელშიც ტრამპის პოლიტიკური გუნდი მიგრანტებს საფრთხედ წარმოაჩენდა.

ერთ-ერთი ვიდეორგოლის, სახელად „ბაიდენის კორუფცია“, მთავარი ანტიგმირები ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ვაჟი ჰანთერი არიან. ვიდეოში ასევე ნაჩვენები არიან CNN-ის წამყვანები დონ ლემონი, კრის კუომო და თეთრი სახლის კორესპონდენტი ჯიმ აკოსტა. ამ დროს ვიდეოში საუბარია „ჟურნალისტ ფინია ძაღლებზე, რომლებიც დემოკრატების მიერ ინიცირებულ იმპიჩმენტს უჭერენ მხარს“.

კიდევ ერთ ვიდეოში, რომელსაც „სახელმწიფო გადატრიალება“ ჰქვია, იმპიჩმენტის პროცედურა „ფაქტების მიუხედავად არჩევნების გაუქმების მცდელობად“ ფასდება. სარეკლამო ვიდეორგოლში ასევე ნათქვამია, რომ დემოკრატი კონგრესმენები „მტკიცებულებებს აყალბებენ“.

25 სექტემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი გახდა, რომელშიც თეთრი სახლის მეთაური კოლეგას აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის ჰანთერ ბაიდენის უკრაინაში საქმიანობის გამოძიება სთხოვა. 3 ოქტომბერს ჯო და ჰანთერ ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ტრამპმა ჩინეთისგანაც მოითხოვა. დემოკრატი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ითვლება.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.