„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 76 მლნ-იან ზარალზეა, მისმა CEO-მ კი როუმინგზე 156,738 დახარჯა
ამობეჭდვა · 05 / 10 / 2019 13:29
„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 76 მლნ-იან ზარალზეა, მისმა CEO-მ კი როუმინგზე 156,738 დახარჯა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ 2014-2017 წლებში სატელეფონო როუმინგზე 156,738 ლარი დახარჯა - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის ნათქვამი.

ელექტროსისტემა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოა. კომპანიას ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ეკუთვნის, ჯამური აქტივების ღირებულება კი 1 მილიარდ ლარს შეადგენს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო.

"ელექტროსისტემის მიერ მოწოდებული როუმინგული ხარჯების რეესტრის შესაბამისად, 2014-2017 წლებში როუმინგული მომსახურებისათვის ელექტროსისტემის მიერ გაწეული ხარჯი შეადგენს 227,199 ლარს. მათ შორის, მხოლოდ რეაბილიტაციის მმართველის როუმინგული მომსახურებისთვის ელექტროსისტემამ გადაიხადა 156,738 ლარი (69%). აღსანიშნავია, რომ 2014 წლის აგვისტოში, 5 დღეში რეაბილიტაციის მმართველმა ულიმიტო როუმინგის მომსახურებაში დახარჯა 29,254 ლარი რაც არაგონივრული ხარჯის მაგალითია", - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის CEO-ს ანაზღაურება ყოველწლიურად 10%-ით იზრდებოდა. აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ორგანიზაცია ხელფასებს იმაზე მაღალი ტემპით ზრდიდა, ვიდრე მისი შემოსავლები იზრდებოდა. 2017 წელს კი, მისმა ანაზღაურებამ 252,481 ლარი შეადგინა. ამ პერიოდში ელექტროსისტემას სულხან ზუმბურიძე ხელმძღვანელობდა.

"2015 და 2016 წლებში ელექტროსისტემის დაგეგმილი შემოსავლების პროცენტული ზრდა წინა წლის გეგმასთან შედარებით შეადგენდა 6.92%-სა და 9.22%-ს, ხოლო სახელფასო ფონდის ზრდა - 13.42% და 10.60%-ს."

აუდიტის სამსახური ასევე მიუთითებს, რომ ელექტროსისტემის სამივლინებო ხარჯებიც "არაგონივრულად დიდი" იყო.

"2014-2017 წლებში ელექტროსისტემის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებებზე გაწეულმა ხარჯმა 1,674,957 ლარი შეადგინა, საიდანაც ფინანსთა მინისტრის მიერ დაწესებული ნორმების ზემოთ გაცემულია 279,837 ლარი."

კიდევ ერთი ადმინისტრაციული ხარვეზი, რასაც აუდიტის სამსახური გამოყოფს, გაუმჭვირვალე სახელფასო პოლიტიკაა:

"კომპანიას არ გააჩნია წინასწარ განსაზღვრული, კომპეტენციების მიხედვით დიფერენცირებული შრომის ანაზღაურების სისტემა. იდენტურ პოზიციებზე დასაქმებული პერსონალის შრომის ანაზღაურებებს შორის სხვაობა ზოგიერთ შემთხვევაში 100%-ს აჭარბებს. არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სახელფასო პოლიტიკის გამჭვირვალობას და ქმნის შრომის არასამართლიანი ანაზღაურების შესაძლებლობას."

კიდევ ერთი მიმართულება, რასაც აუდიტის სამსახური გამოყოფს, წარმომადგენლობითი, ე.წ. "სარესტორნო და სასაჩუქრე ხარჯებია."

"2014-2017 წლებში დაუსაბუთებლად არის გაზრდილი წარმომადგენლობითი ხარჯები 550,727 ლარით. 2014-2017 წლებისთვის დაგეგმილი იყო 203,977 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა. გეგმაში შეტანილი ცვლილებებით წარმომადგენლობითი ხარჯები გაიზარდა 550,727 ლარით და შეადგინა 754,704 ლარი, ხოლო ამავე წლებში ფაქტობრივად დაიხარჯა 1,421,679 ლარი, რაც 666,975 ლარით აღემატება შესაბამის პერიოდებში დაზუსტებულ გეგმურ მონაცემებს."

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ მმართველობის ზემოთჩამოთვლილი პრაქტიკის პარალელურად, სახელმწიფო ელექტროსისტემას სახელმწიფოს წინაშე ნახევარ მილიარდზე დიდი დავალიანება გააჩნდა:

"2014-2017 წლებში კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია, რაზეც სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლებიც მეტყველებს, მაგალითად: მთლიანი ვალდებულებების პროცენტული წილი მთლიან აქტივებში გაიზარდა 40%-დან 67%-მდე. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი სუბსიდირების გარეშე, ეჭვქვეშ დგება რეაბილიტაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზნის მიღწევა ელექტროსისტემის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ელექტროსისტემის ძირითადი კრედიტორია სახელმწიფო, რომლის მიმართ ვალდებულება 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს შეადგენდა (521,117,937 ლარი)."

bm.ge

ტეგები