პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი „თბილისობის“ ღონისძიებებს ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ
ამობეჭდვა · 05 / 10 / 2019 18:36
პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი „თბილისობის“ ღონისძიებებს  ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისობის“ ღონისძიებებს ახლადრეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ. თბილისის მერმა ორბელიანის მოედანზე განთავსებული პავილიონები მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაათვალიერა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა.

„თბილისობა 2019” ცოტა განსხვავებულია. შერჩეული გვაქვს სამი ლოკაცია, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა წარმოდგენა იხილონ და გაერთონ. ეს ლოკაციებია: ორბელიანის განახლებული მოედანი, რომელიც ულამაზესია. ასევე, რიყის პარკი და ლეღვთახევი. სამივეგან, ორი დღის განმავლობაში, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება. მინდა, თბილისელებს ეს დღე მივულოცო. ეს არის ჩვენი ტრადიცია და ძალიან მიხარია, რომ ქუჩებში არა მხოლოდ დედაქალაქის მცხოვრებლები არიან გამოსული, არამედ ჩამოსული არიან რეგიონებიდან, ჩამოტანილი აქვთ თავიანთი ნობათი. აქ არიან უცხოელი ტურისტები. ყველას გილოცავთ და მინდა, რომ სულ წარმატებები და ღიმილიანი სახეები გისურვოთ, ბედნიერი ყოფილიყავით და თქვენს ოჯახებში კეთილდღეობა გქონოდეთ. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ქვეყნის განვითარებას და წინსვლას გისურვებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საზეიმო ღონისძიებები, ორბელიანის მოედნის გარდა, დილიდან, რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, დღეს და ხვალ, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე მიმდინარეობს ყვავილების ფესტივალი - „შემოდგომის თბილისი“, მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი და პროექტი „გვიდირიჟორე“; მოწყობილია ქართული ფილმის და მუსიკის, ასევე, თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები. დღესვე, 20:30 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი - „მე ვარ თბილისი“, რომელიც კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.

„თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებს პარლამენტისა და საკრებულოს თავმჯდომარეები, მერის მოადგილეები, ასევე, საკრებულოსა დაპარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.

ტეგები