თბილისის გამარჯვება ძალზედ რთულ და კონკურენტულ შერჩევით პროცესში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა UNESCO-სთან ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში - დავით ზალკალიანი
ამობეჭდვა · 08 / 10 / 2019 13:11
თბილისის გამარჯვება ძალზედ რთულ და კონკურენტულ შერჩევით პროცესში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა UNESCO-სთან ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში - დავით ზალკალიანი

„UNESCO-ს გადაწყვეტილება ქ. თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელების თაობაზე, თბილისის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კულტურული ცენტრის კიდევ ერთი აღიარებაა და ამ პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული.“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მედიათეკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურული დიპლომატიის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიზარდოს.

„მოგეხსენებათ, საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად უწყობს ხელს და მონაწილეობს მსგავსი პროექტების განხორციელებაში.“-აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისს შესაძლებლობას მისცემს, 1 წლის განმავლობაში მრავალ ღონისძიებას უმასპინძლოს, რაც მიზანად ისახავს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიის და მასთან დაკავშირებული სფეროების განვითარებას.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად მოვემზადებით, მთლიანად მთავრობა იქნება აქტიურ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, იმისთვის, რომ თქვენც იყოთ აქტიურად ჩართული ამ პროცესში.“-აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქ. თბილისის მერს კახი კალაძეს და მის გუნდს, იდეის ინიცირებისა და განსაკუთრებული ძალისხმევისათვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ, საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე, მიიღო გადაწვეტილება, რომ ქალაქი თბილისი იქნება 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მხარდაჭერით მიმდინარე წლის მაისში წარადგინეს.

ტეგები