შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მის დიპლომთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2019 11:37
შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მის დიპლომთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადოდ ასარჩევ კანდიდატთა მოსმენა გრძელდება, მოქმედ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს უსმენენ. სხდომის დასაწყისში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მოსამართლეობის კანდიდატს კითხვით მიმართა და მისი უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის აღების საკითხით დაინტერესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შალვა თადუმაძემ განმარტებები გააკეთა.

„სკოლა დავამთავრე 1994 წელს და იმავე წელს ჩავაბარე თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო საქმიანობა იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. მაშინდელი კანონმდებლობით ყველა კონკრეტულ იურიდიულ პირს ჰქონდა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა განეხორციელებინა თუ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რომლებიც მოთხოვნილი იყო ამ იურიდიული პირებისთვის. ეს ინსტიტუტი კი ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

1997 წელს მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ სტუდენტს და მოსწავლეს შეეძლოთ ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა ნებისმიერი კურსი. მე ბუნებრივია გამოვიყენე ეს შესაძლებლობა, მივმართე შესაბამის ინსტიტუტს, რომ სურვილი მქონდა ექსტერნატის ფორმით დამესრულებინა აღნიშნული სასწავლებელი, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ. 1998 წელს სპეციალურად გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი. არსებობს განათლების შესახებ კანონი და არსებობს განათლების მინისტრის ბრძანება დიპლომის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ. ამ ბრძანების მიხედვით განისაზღვრა თუ როგორი უნდა იყოს დიპლომი. დიპლომი იურიდიულად არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, შესაბამისი ნომრებით და დაცვით სისტემებით. აუცილებელი მოთხოვნა იყო მაშინაც და ახლაც ასეა, რომ დიპლომში უნდა დაფიქსირდეს მისი გაცემის ფაქტიური პერიოდი და სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა.1998 წელს მე დავამთავრე 5 წლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით, შესაბამისად დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა 5 წლიანი პროგრამის განმსაზღვრელი ვადა და ბუნებრივია ეს წლებით განისაზღვრებოდა. რომ ჩაეწერა 1994-98 წლები მე მექმნებოდა პრობლემა იმიტომ რომ 5 წლიანი ვადა არ ჩამეთვლებოდა და არ ექნებოდა იურიდიული საფუძველი“, - განმარტა შალვა თადუმაძემ.