კახა კალაძე მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, გაარკვიოს, არის თუ არა თბილისის ზღვაზე საკანალიზაციო ქსელები დაერთებული
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2019 14:59
კახა კალაძე მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, გაარკვიოს, არის თუ არა თბილისის ზღვაზე საკანალიზაციო ქსელები დაერთებული

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის ზღვის მიმდებარედ, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე უკანონო დაერთებების აღმოჩენის მიზნით, მუნიციპალურ ინსპექციას, დღეს, შესაბამისი ტექნიკის შეყვანაც დაავალა. 

„თუ თქვენ ვიზუალურად არ გეძლევათ საშუალება, ნახოთ ეს ადგილები, შეიყვანეთ ტექნიკა და დაიწყეთ სამუშაოები, რომ მოიძებნოს ეს კონკრეტული დაერთებები. თბილისის ზღვის ირგვლივ დასახლებებიც არის და ნახეთ, რომ ეს პრობლემა თავიდან იყოს აცილებული, ხოლო თუ აღმოაჩენთ ასეთ შემთხვევებს, რა თქმა უნდა, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

აღნიშნული პრობლემის დეტალები თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემაც განმარტა და განაცხადა, რომ სასმელი წყალი, რომელიც თბილისის მოსახლეობას მიეწოდება, უსაფრთხოა. 

„სასმელი წყალი, რომელიც თბილისის მოსახლეობას მიეწოდება, მუდმივად კონტროლდება. GWP იღებს სინჯებს და მოწმდება ლაბორატორიულად. მას არანაირი პრობლემა არ აქვს და ის სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს. 

სამწუხაროდ, გვაქვს ფაქტები, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციებზე უკანონო დაერთებებისა, რაც ხილული არ არის და საკმაოდ რთულია დასადგენად. სწორედ აქედან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მოხდა ასეთი ფაქტების გამოვლენა, თუმცა ჩვენ დაწყებული გვაქვს ფიზიკური სამუშაოები. თითოეული საკომუნიკაციო ნაგებობა გაშიშვლდება და შევხედავთ, სად რა არის დაერთებული. დღეს უკვე გამოვლინდა ერთი უკანონო დაერთება და რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. პირველ რიგში, თვითონ დარღვევის მყისიერად აღმოფხვრა მოხდება, ხოლო სამართლებრივად საკმაოდ მძიმე წარმოება დაიწყება დამრღვევების მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.