პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის რეზიდენციისთვის ანტიკვარიატის შეძენას განმარტავს
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2019 15:13
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის რეზიდენციისთვის ანტიკვარიატის შეძენას განმარტავს

ათონელის რეზიდენციის მოსაწყობად ანტიკვარიატის შეძენასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტება გააკეთა. როგორც სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა განათლების, კულტურის და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილმა განაცხადა, შესყიდვა უკვე დასრულებულია.

"ავეჯი რომელიც ჩვენ შევიძინეთ ორბელიანების სასახლის ისტორიული ნაწილისთვის, გახლავთ ისტორიული სასახლის წარმომადგენლობით ნაწილი. ეს არ არის პრეზიდენტის პირადი, სამუშაო სივრცე. ის რესურსი, რომელიც დაიხარჯა ორბელიანების სასახლის მოწყობისთვის, დარჩა საქართველოში - ამ ფულადი რესურსის გადინება არ მომხდარა უცხოეთში... დაახლოებით მილიონ ორასი ათასი ლარი იყო გამოყოფილი ანტიკვარული ავეჯის და ინვენტარის შესაძენად და დაახლოებით 80 ათასი ლარის ეკონომია განხორციელდა", - განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა. 

ტელეკომპანია "მთავარმა" გუშინ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციის მოწყობა ფრანგული ანტიკვარიატით მოითხოვა, სპეციალური ჯგუფი კი წინა საუკუნეებშ დამზადებულ ავეჯს მთელი თბილისის მასშტაბით, მათ შორის ოჯახებში ეძებდა. ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონ ორასი ათასი ლარი დაუჯდა.