არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს პრეზიდენტს შეხვდა
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2019 19:12
არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მონტენეგროს პრეზიდენტს მილო ჯიუკანოვიჩს შეხვდა.

პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები იყო მთავარი თემები, რომლის შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და მონტენეგროს პრეზიდენტმა ისაუბრეს.

შეხვედრაზე მხარეებმა მონტენეგროსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით, ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ კარგი პოლიტიკური თანამშრომლობა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების წინაპირობაა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ წვლილზე, რომელიც საქართველოს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში შეაქვს, ასევე, ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის საკვანძო როლს საერთაშორისო მისიებში. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

მილო ჯიუკანოვიჩმა აღნიშნა, რომ იგი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს წარმატებებს და მიმდინარე რეფორმებს.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

მონტენეგროს პრეზიდენტმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.