სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2019 18:07
სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დეპუტატის ნიკა მელიას მიმართ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის ტარება ძალაში დატოვა.

მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც დეპუტატის აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას ან ალტერნატიული სახით სხვა სახის აღკვეთი ღონისძიების - პირადი თავდებობის გამოყენებას ეხებოდა.

მელიას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 6 დეპუტატი უდგებოდა თავდებში.

როგორც მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა სხდომაზე განაცხადა, კვლავ არის იგივე ხარისხის რისკები, რაც არსებობდა ნიკა მელიასთვის პირველ სასამართლო სხდომაზე. მოსამართლის თქმით, ბრალდებულმა ნიკა მელიამ დღევანდელ პროცესზე წესრიგი არ დაიცვა, არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას, რომ ხმაური შეეწყვიტა. მოსამართლის განმარტებით, ასეთი ვითარების დროს „პირადი თავდებები უძლურნი იქნებიან".

ამასთან, მოსამართლის თქმით, არანარი ახალი არსებითი გარემოება არ წარმოჩენილა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის თაობაზე.

„გირაო დარჩეს ძალაში იმ დამატებით ვალდებულებებთან ერთად რაც გამოყენებული იყო თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლის მიერ 27 ივნისს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ 2 ივლისს", - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც სასამართლო პროცესზე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების სახე უკანონოა. ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რაც პარლამენტარის უფლებამოსილების შეზღუდვაში გამოიხატება.

როგორც დაცვის მხარემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს პროკურატურა უაპელაციოდ უკრძალავს სატელევიზიო ეთერებში მოსვლას და პოლიტიკურ თოქ-შოუებში მონაწილეობას. დაცვის მხარის ეს არგუმენტი არ გაიზიარა ბრალდების მხარემ. საბოლოო ჯამში კი, სასამართლომ მელიას დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

თავად ნიკა მელია პროცესს არ ესწრებოდა, რადგან მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ამის მიზეზი მელიას მიერ მოსამართლესთან სიტყვიერი შელაპარაკება გახდა.

27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.