„ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, დავაყენოთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების და საქმის საერთოდ შეწყვეტის შუამდგომლობა, მაგრამ ამას პრინციპულად არ გავაკეთებთ“
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2019 23:43
„ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, დავაყენოთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების და საქმის საერთოდ შეწყვეტის შუამდგომლობა, მაგრამ ამას პრინციპულად არ გავაკეთებთ“

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

„დარწმუნებული ვარ, ბრალდების მხარე არ მოითხოვს აღკვეთის მკაცრ ღონისძიებას და გირაოთი შევა სასამართლოში, მაგრამ თუ ასე არ იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიშუამდგომლებთ, გამოყენებული იქნას აღკვეთის მსუბუქი ღონისძიება. ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, დავაყენოთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების და საქმის საერთოდ შეწყვეტის შუამდგომლობა, მაგრამ ამას პრინციპულად არ გავაკეთებთ, რადგან წაყენებულია ბრალი და ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს მიაჩნია, რომ ეს ერთგვარი განაცხადია და ჩვენ უნდა ჩავერთოთ ამ პროცესში. გვეძლევა საშუალება, რომ გამჭირვალედ და სამართლიანი პროცესის რეჟიმში დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა, მოხდეს ყველა მოწმის დაკითხვა და მტკიცებულების გამოკვლევა. ვერთვებით ამ პროცესში და დაველოდებით პროკურატურის შუამდგომლობას“, – აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, უკვე დაათვალიერა ოფისი, სადაც ბრალდების მხარის ცნობით, დანაშაული მოხდა.

„არის ერთი ოთახი და იმ ოთახიდან ღია კარია სამზარეულოში შესასვლელი. არ არის რამდენიმეოთახიანი, ერთ ოთახში სხედან ბატონი ჯიშკარიანი და ე.წ. დაზარალებული. რაც შეეხება ნივთებს, სადავოდ არ გაგვიხდია, რომ ნივთები დამტვრეულია. საუბარია მონიტორზე და ე.წ. პრინტერზე, მაგრამ ეს ყველაფერი თამთა თოდაძის მაგიდაზე და დიახ, ისინი თავად გადაყარა ქალბატონმა თამთამ ძირს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

კითხვაზე, რა მოხდა რეალურად და როგორია დაცვის მხარის ვერსია, ხომ არ გაწირეს დეპუტატი, მარიამ კუბლაშვილმა თქვა, რომ ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე ბევრ რამეს იტყვის.

„პროცესის დროს ბევრს ვიტყვით, რა მოხდა და რა მოტივია, მაგრამ მე მაქვს ჩემი შეფასებები და ღიად არ ვიტყვი. რაც შეეხება გაწირეს თუ გარემოებების მსხვერპლია, რატომ გავაკეთე თუნდაც ის განცხადება, რომ ბულინგის მსხვერპლია. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ განცხადებას, სადაც საუბარია არა როგორც პერსონაზე, არამედ საუბარია „ქართული ოცნების“ დეპუტატზე. გასაგებია, რომ საზოგადოების უდიდეს თუ უმცირეს ნაწილს აქვს აგრესია ამ პარტიის მიმართ. მგონია, რომ ეს პოლიტიკური აგრესია მიმართულია ამ ადამიანზე და ისინი არ ფიქრობენ, ეს ადამიანი მართალია თუ მტყუანი. იქიდან გამომდინარე, რომ ის დეპუტატია და კაცია, იმთავითვე აცხადებენ დამნაშავედ. რატომღაც ის ფაქტი, რომ მე ვიცავ მას, ვიცავ ქალი, ამის გამო ჩემს მიმართაც მძიმე ანტიპიარ კამპანია გაჩაღდა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებით მინდა, დავამტკიცო, რომ ვგმობ ქალთა მიმართ ძალადობას, მაგრამ ვგმობ უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჩასმას“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

კითხვაზე, როგორია ილია ჯიშკარიანის მდგომარეობა და დაესწრება თუ არა ის ხვალ სასამართლო სხდომას, მარიამ კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ექიმების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„დღეს ექიმმა არ მოგვცა გამოწერის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ილიას დაჟინებული თხოვნაა, ესაუბროს მედიასაც. ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კლინიკა, ჯერ არ ვიცით“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ რომელიმე კამერის ჩანაწერი არსებობს საქმეში.

„რომელ სისხლზეა საუბარი. იქიდან არანაირი სისხლით არ გამოდის ქალბატონი თამთა, აქვს ხელი გახეხილი და ექსპერტიზის დასკვნა არ არის შესაბამისობაში მის ჩვენებასთან, როდესაც ის ამბობს, რომ თუნდაც, სცემეს. ილიას აქვს ჩვენება მიცემული და იქ ყვება იმას, რასაც სხდომაზეც ვიტყვით, რეალურად რა მოხდა“, – აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.