პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორი
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2019 14:30
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას. ბოლო პერიოდში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა - მათ შორის 5 ნარკორეალიზატორია.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, თბილისში ერთი პირია დაკავებული. 1992 წელს დაბადებული ი.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 1303 აბი და 16 ნატეხი, ასევე, 2900 აშშ დოლარი და
100 ლარი.

"გარდა ამისა, სამართალდამცველებმა, ასევე, ამოიღეს ბრალდებულის მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსის“ 40 აბი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირია რუსთავში დაკავებული. პოლიციამ, 1982 წელს დაბადებული ნ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, 963 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს, მისი წევრები კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1972 წელს დაბადებული ზ.ბ., 1976 წელს დაბადებული ა.თ. და 1971 წელს დაბადებული ბ.კ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისის სხვადასხვა უბანში, სპეციალურ სამალავებში ათავსებდნენ და მათი შეძენის მსურველებს, საკომუნიკაციო პლატფორმების საშუალებით, აღნიშნული ლოკაციების ამსახველ ფოტოებს უგზავნიდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების ავტომანქანის, საცხოვრებელი სახლების და პირადი ჩხრეკისას, 170 აბი „სუბუტექსი და „სუბოქსინი“, 19 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“, 7 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი, სავარაუდოდ, ე.წ. სირეცი, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. ბიო, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ კრისტალები, „ჰეროინი“ და „მეტადონის“ ნატეხები - კრისტალებისა და ფხვნილის სახით, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა. 1988 წელს დაბადებული ი.ც.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება
"ამფეტამინი", 8 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. ბიო და 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება "მარიხუანა".

გამოძიების მსვლელობისას გამოიკვეთა, რომ ი.ც.-ს თბილისის სხვადასხვა უბანში, სპეციალურ სამალავებში განთავსებული ჰქონდა სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ ბიო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა მისამართიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ე.წ. ბიო. ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო
აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს ერთი პირი. 1991 წელს დაბადებული ვ.ჰ.-ს პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ მისი ფეხსაცმელების ძირებიდან 500 გრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტროს  შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის დარბაზში ერთი
პირი დააკავეს. პოლიციამ, 1959 წელს დაბადებული დ.დ.-ს ხელბარგის ჩხრეკისას, 23 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღო.  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 26 კილოგრამი "ჰეროინი", 2 კილოგრამი "კოკაინი", 13500 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 23 კილოგრამი „მდმა“, 9,7 კილოგრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 500 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები", - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ გამართულ ბრიფინგზე.

ტეგები