ილია ჯიშკარიანს10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დაზარალებულთან მიახლოება აეკრძალა
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2019 15:00
ილია ჯიშკარიანს10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დაზარალებულთან მიახლოება აეკრძალა

თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარი გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით წარსდგა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა. პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.

როგორც პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბრალდებულს მოსამართლემ დაზარალებულთან მიახლოება და მოწმეებთან კომუნიკაცია აუკრძალა.

„მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ილია ჯიშკარიანის მიმართ გამოიყენა 10 000-ლარიანი გირაო, თუმცა დამატებით ვალდებულებად მას აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და სპეციალური ნებართვის გარეშე. ბრალდებულს აეკრძალა ასევე საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეაფასა და მიიჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა გირაოს გამოყენების შემთხვევაში იმ დამატებით ვალდებულებებთან ერთად, რომელიც ბრალდების მხარემ მოითხოვა. თუ ილია ჯიშკარიანის მხრიდან დაირღვევა რომელიმე მოთხოვნა, რომელიც მას დაეკისრა, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე მიმართავს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაზე“, – განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

ტეგები