საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს ლონდონში გამართულ ასამბლეის რიგით 65-ე წლიურ სხდომაში
ამობეჭდვა · 13 / 10 / 2019 17:54
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს ლონდონში გამართულ ასამბლეის რიგით 65-ე წლიურ სხდომაში

12-14 ოქტომბერს ქ. ლონდონში იმართება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 65-ე წლიური სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით. ასევე დელაგაციაში შედიან: სოფიო ქაცარავა, ირაკლი ბერაია და გიორგი კანდელაკი.

დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის კომიტეტების შეხვედრებში, სადაც წარმოდგენილ ანგარიშებში მხარდაჭერილია საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია, დემოკრატიული რეფორმები, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიაობა და დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ნატოს საპარალამენტო ასამბლეა არის ორგანიზაცია, რომელიც პრინციპული და ერთიანია, როდესაც საუბარია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზე.

„ასევე, აღსანიშნავია, რომ ანგარიში სადაც საუბარია ალიანსის ღირებულებებზე, საქართველო მოხსენიებულია როგორც ლიდერი და ტრანსფორმაციის გზაზე მდგარი ქვეყანა, რომლის საერთაშირისო რეიტინგები უთანაბრდება ნატოს წევრების რეიტინგებს. მათ შორისაა მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ბიზნესგარემო. კორუფციასთან ბრძოლის რეიტინგში საქართველოს ნატოს 10 წევრ ქვეყანაზე უკეთესი შედეგები აქვს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენის, ჯერალდ კონოლის ანგარიშში მხარდაჭერილია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება. დოკუმენტი ხაზგასმით აღნიშნავს რომ ალიანსმა და მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ საქართველოს მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან და ასამბლეის გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, სასამართლო რეფორმა, საჯარო საკონსტიტუციო განხილვები და 2020 წლის საპარლამენტო არჩვენები. ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, იგი მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში წევრობას და მიმდინარე რეფორმები ქვეყანას ამ მიზნის მიღწევაში ეხმარება.

უკრაინის დელეგაციასთან ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში საუბარი გაიმართა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია, რუსეთიდან მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეები, ქართულ და უკრაინულ საპარლამენტო დელეგაციებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.