დღეს სვეტიცხოვლობაა
ამობეჭდვა · 14 / 10 / 2019 10:00
დღეს სვეტიცხოვლობაა

დღეს, 14 ოქტომბერს მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული ​აღინიშნება. გარდა ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ასევე იხსენიებს: მეფე მირიანსა და დედოფლ ნანას, სიდონიას და აბიათარ მღვდელს, მელქისედეკ I, მოციქულ ანანიას, ღირს რომანოზ ტკბილადმგალობელს, მოწამე დომნინე თესალონიკელს, ღირსმოწამე მიქაელს, ზობიელ იღუმენსა და 36 ღირსმოწამეს.

ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მ.შ. ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

დღესასწაულთან დაკავშირებით 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარებს.

მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის ცენტრალურ მოედანსა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.

ტეგები