საქართველო-ბრიტანეთს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ საპარლამენტო განზომილების ფარგლებში მხარეებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს
ამობეჭდვა · 15 / 10 / 2019 11:26
საქართველო-ბრიტანეთს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ საპარლამენტო განზომილების ფარგლებში მხარეებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ და ირაკლი ბერაიამ დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო“ განზომილების ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჯონათან ჯანოგლისთან და ჯგუფის წევრებთან. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს.

კომუნიკეში დადებითად არის შეფასებული ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე, ასევე იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც ორივე ქვეყანა დგას.

ბრიტანეთს დელეგაციამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პროგრესს აქტიური რეფორმების დღის წესრიგის შესრულების მიმართულებით.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იქ არსებული მძიმე ვითარება. დიდი ბრიტანეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მიმართ.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება. აღინიშნა ნატო-საქართველოს დინამიური და არსებითად გაძლიერებული  თანამშრომლობა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის საპარლამენტო ფორმატის მნიშვნელობას და საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ.