თუ ვინმე ცდილობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესის დისკრედიტაციას, ეს არის იერიში სახელმწიფო ინტერესებზე - ანრი ოხანაშვილი
ამობეჭდვა · 15 / 10 / 2019 13:15
თუ ვინმე ცდილობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესის დისკრედიტაციას, ეს არის იერიში სახელმწიფო ინტერესებზე - ანრი ოხანაშვილი

„ჩვენ ვართ მომსწრე ისტორიული პროცესის, როდესაც  განვიხილავთ სრულიად ახალი ფორმით, მაქსიმალური გახსნილობით და მაქსიმალურად გამჭვირვალედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრებას. ეს ისტორიული პროცესი შედგა“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით,  ეს არის საზოგადოებრივი პროცესი, რადგან საზოგადოებას აქვს სრული შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში მიადევნოს თვალი და მონიტორინგი გაუწიოს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.  მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის დაპირება, რომ ეს პროცესი იქნებოდა მაქსიმალურად  გახსნილი, გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იქნებოდა დაინტერესებული მხარეების სრული ჩართულობა, შესრულდა.

„ამ პროცესს მოჰყვა მნიშვნელოვანი გამოხმაურებები. საქართველოს სახალხო დამცველმა პოზიტიურად შეაფასა ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში და ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის. მსურს, შეგახსენოთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში მოსამართლეების შერჩევის პროცესი არასდროს ყოფილა ასეთი გამჭვირვალე. ეს არის იმ მნიშვნელოვანი პროცესის აღიარება, რომელიც ჩვენი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია ეფექტიანი, სანდო და სამართლიანი სასამართლო სისტემის განმტკიცება და ეს არის მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ იმ ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ადგილი ჰქონდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენისას კომიტეტის სხდომებზე. მისი თქმით,  ზოგიერთმა ოპოზიციონერმა კოლეგამ, სცადა ამ  პროცესის პოლიტიკურ სეირად გადაქცევა, ასევე,  ადგილი ჰქონდა  საბოტაჟის მოწყობის მცდელობას, რათა  მომხდარიყო ამ პროცესის დისკრედიტაცია. „განსაკუთრებით, ნაციონალური მოძრაობის წევრები მყავს მხედველობაში და ოპოზიციის სხვა წევრები. სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება, რადგან იგი აზიანებს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. სახელმწიფოებრივი ინტერესია, რომ ეს პროცესი შედგეს და გაგრძელდეს ასეთივე ფორმით, მაქსიმალურად გახსნილად, ყველას ჩართულობით და  თუ ვინმე ცდილობს ამ პროცესის დისკრედიტაციას, ეს არის იერიში სახელმწიფო ინტერესებზე და სახელმწიფო ინტერესების დაზიანების მცდელობა. თუმცა ჩვენ ამის საშუალებას არავის მივცემთ.  ჩვენი ამოცანაა ნაბიჯ-ნაბიჯ ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებით, როგორიც არის სასამართლოს სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღა, როგორიც იყო ცვლილებები საერთო სასამართლოებს შორის ორგანულ კანონში, მივაღწიოთ ისეთ მნიშვნელოვან მიზანს,  როგორიცაა სამართლიანი, სანდო და ეფექტიანი სასამართლო სისტემა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.