კრისტიან სტივენის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
ამობეჭდვა · 16 / 10 / 2019 15:55
კრისტიან სტივენის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა.

სამუშაოების დაწყებამდე, მომზადდა გზის საფუძველი, ტერიტორიის ნაწილზე მოეწყო ბორდიური და ასფალტის პირველი ფენა დაიგო. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის, 4 855 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა. მიმდინარე წელს ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავეთ და კერძო დასახლებაში სტივენის ქუჩა მეხუთე იქნება, რომელიც მოწესრიგდება და მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება აღარ მოუწევს. მსგავსი ქუჩების მოწესრიგებას მომავალშიც ეტაპობრივად განვახორციელებთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 342 867 ლარი გამოიყო, კომპანია „იბერი“ ახორციელებს.