კალიფორნიაში ნატურალური ბეწვის წარმოება და გაყიდვა აიკრძალება
ამობეჭდვა · 16 / 10 / 2019 23:31
კალიფორნიაში ნატურალური ბეწვის წარმოება და გაყიდვა აიკრძალება

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გეივინ ნიუსომმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შტატში ნატურალური ბეწვის ნაწარმის დამზადება, გაყიდვა, გაცვლა და ჩუქება აიკრძალება. აკრძალვა ვრცელდება მათ შორის ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, ჩანთებსა და ქუდებზე.

ამ გადაწყვეტილებით კალიფორნია აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც ნატურალური ბეწვის გამოყენება და გაყიდვა აიკრძალება. ამასთან, კანონის რეგულირების სფეროში არ შედის ტყავი, ასევე ბეწვისგან დამზადებული ის ნივთები, რომლებიც რელიგიური მიზნებისთვის გამოიყენება.

გარდა ამისა, კანონით აკრძალული იქნება საცირკო წარმოდგენებისთვის მაიმუნების, დათვების, ვეფხვების, სპილოებისა და სხვა ველური ცხოველების გამოყენება.

ახალი რეგულაცია ძალაში 2023 წელს შევა. კანონდამრღვევი ჯარიმით დაისჯება.

ბოლო წლების განმავლობაში ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე იუარი თქვა თითქმის ყველა მსხვილმა მოდის სახლმა, მათ შორის არიან Armani, Prada, Calvin Klein, Hugo Boss, Ralph Lauren და Gucci.