სოფიო ქაცარავა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა არის სწორი, შედეგიანი და წარმატებული
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2019 20:33
სოფიო ქაცარავა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა არის სწორი, შედეგიანი და წარმატებული

„სხვა ფორმატებთან ერთად, მინიტრის საათი, რაც ასეთ ღიაობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს არის კარგი პრაქტიკა. ასეთი დონის ღიაობა, არა მხოლოდ პარლამენტში, ჩვენ ქვეყანას არც ერთ ეტაპზე არ ქონია. რომ არა პოლიტიკური ნება, ეს შესაძლებლობა არ გვექნებოდა და იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ყველა პოლიტიკური პარტია ამ შესაძლებლობას უფრო შინაარსობრივი განხილვებისთვის გამოიყენებს“, - აღნიშნულის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში კანონმდებლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმინეს.

საკითხზე თანამომხსენებლის განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა არის სწორი, შედეგიანი და წარმატებული.

მან გამოსვლისას, რამდენიმე ფაქტორზე, უპირველესად კი, სტაბილური გარემოზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველა თვალს ვადევნებთ მიმდინარე ტენდენციებს და პროცესებს რეგიონშიც და უფრო გლობალურად, ამიტომ ჩვენ ქვეყანაში სტაბილური და უსაფრთხო გარემო მით უფრო დასაფასებელია, რასაც მიღწევა სჭირდება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. მისი თქმით, უფრო და უფრო მზარდია ინტერესი, მხარდაჭერა და სურვილი კავშირების გაღრმავებისა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან აბსოლუტურად ყველა დონეზე, რაც გამოიხატება მათ შორის, მაღალი დონის ვიზიტებით, რაც ძალიან ინტენსიურია.

„არაღიარების პოლიტიკა და ოკუპაციის საკითხი, რაც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ მიმართულებით, წლების მანძილზე ჩაკარგული და დავიწყებული თემა, (ცხადია ვგულისხმობ 2012 წლამდე), როგორც არასდროს არის საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში“, - განაცხადა თანამომხსენებელმა. მან გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის წევრის, კონგრესმენ ჯერალდ კონოლის და სხვა ევროპული ქვეყნების პარლამენტების წევრების მიერ მომზადებულ ანგარზე და რეკომენდაციაზე, რომლის თანახმად: „ოკუპაციის თემა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და სრული მხარდაჭერა მათი მხრიდან; ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს წვლილი უსაფრთხოების განმტკიცებაში, სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მაღალი შეფასება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ დემოკრატიული რეფორმები ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი წინაპირობაა და დემოკრატიული უკუსვლა გაწვერიანების შანსს პრაქტიკულად ანულებს, ამის ფონზე საქართველო მტკიცედ აგრძელებს დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზას და ის ეწევა ნატოს ამჟამინდელ წევრებს საერთაშორისო რეიტინგებში, რაც უკავშირდება მედიის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და ბიზნეს გარემოს. ასევე, რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, გაცილებით უფრო პროგრესულია, ვიდრე ნატოში შემავალი 10 ქვეყნის და ერთი კანდიდატი ქვეყნის“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისი შეფასებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ახლახან გაიმართა, საქართველოსთვის იყო ძალიან შედეგიანი და იმედი გამოთქვა, რომ ამ განწყობას ოპოზიციაც შეუერთდება. „გამომდინარე იქიდან, რომ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ვფიქრობ ქვეყნის წარმატება მათაც უნდა ახარებდეთ|“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ამ საკითხის მიმართ მაღალი ინტერესია თუმცა, ეს არ უნდა გადაიქცეს პოპულისტური განცხადებების პლატფორმად. მომხსენებელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირადი პოზიციაც დააფიქსირა. „ზუსტად იმიტომ, რომ გამწვავებულ ფონზე, რაც ზაფხულში ვიხილეთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, (თუმცა ამ ზაფხულით არ დაწყებულა და სამწუხაროდ, არც ამის მერე დასრულდება რუსეთთან პრინციპულ საკითხებთან მიმართებაში ჩვენი პრინციპული უთანხმოება), რომ არ შემდგარიყო საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, მე მოვუწოდებდი მთავრობას, რომ ამ მიმართულებით გადაედგათ კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენ ეს სიტუაცია განგვემუხტა, და უფრო თამამი ნაბიჯები გადაგვედგა დეესკალაციისკენ“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, გასაკვირია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთლის მხრიდან, ამ ფაქტის სრული იგნორირება მაშინ, როდესაც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანამ, სლოვაკეთმა განცხადება გააკეთა და მიესალმა მინისტრების შეხვედრას, რადგან ეს არის ეუთოს ფუნდამენტური პრინციპი.

„რამდენიმე დღის წინ, ბატონი გიგი წერეთელი, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მიესალმა იმ ნაბიჯებს რაც განმუხტავს უკრაინაში არსებულ ვითარებას. მჯერა, რომ მას, ისევე როგორც ჩვენ, ძალიან შეგვტკივა გული უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მე, კიდევ უფრო მეტად, (ალბათ გასაკვირიც არ უნდა იყოს), გული შემტკივა ჯერ ჩემ ქვეყანაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რაც მთავარია, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც ათწლეულებია შიშით და ტერორში ცხოვრობენ. შესაბამისად, მივესალმები ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც რამენაირი ფორმით ხელს შეუწყობს ვითარების დეესკალაციას და უსაფრთხო გარემოს. არ დაგიმალავთ და გამიკვირდა, ბატონი გიგი წერეთლის, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მხრიდან, ამ ფაქტის სრული იგნორირება“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მიუხედავად გარე საფრთხეებისა და არაერთი მცდელობისა გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, რომ დესტრუქცია შემოიტანონ ქვეყანაში, ჩვენ გავაგრძელებთ, რომ ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, სანდრო და სტაბილური პარტნიორები და რაც მთავარია , ჩვენმა ყველა საგარეო მისწრაფებამ, პირველ რიგში ასახვა ჰპოვოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე“.




 

ტეგები