„გამჭვირვალობიდან“ განხორციელდა ზარი და ბოდიში მომიხადეს იმიტომ, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია - დიმიტრი ხუნდაძე
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2019 17:29
„გამჭვირვალობიდან“ განხორციელდა ზარი და ბოდიში მომიხადეს იმიტომ, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია - დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

დეპუტატი „თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში“ „გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დიმიტრი ხუნდაძის მეუღლე საჯარო სამსახურში მუშაობს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს. 

„ეს არის აბსოლუტურად ტყუილი, არც ერთ თეთრს, ჩემი მეუღლე არ იღებს საჯარო სამსახურში ბიუჯეტიდან, იმიტომ, რომ ის იქ არ მუშაობს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დაშვებული შეცდომა აღიარა და მას ბოდიშიც მოუხადეს.

„რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა ზარი „გამჭვირვალობიდან“, პროექტის ხელმძღვანელი იყო თუ არ ვცდები და ბოდიში მოიხადა, იმიტომ, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია. არც თუ ისე იშვიათად ხდება გამიზნულად საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია, კონკრეტულად დეპუტატების. ახლა ახლოვდება არჩევნები და დარტყმის ობიექტი ვიქნებით ჩვენ. ეს არ წაადგება არავის და არაფერს. არ წაადგება იმ ხალხსაც, რომლის წინაშეც დეპუტატები გინდათ რომ გამოიყვანოთ მხოლოდ საკუთარ თავზე მაზრუნალნი“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ, სადაც  „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ.