რა არგუმენტები არსებობს ტაქსის რეფორმის სასარგებლოდ?
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2019 16:09
რა არგუმენტები არსებობს ტაქსის რეფორმის სასარგებლოდ?

ცხოვრების წესის, სამუშაო პირობებისა და სხვა ჩვეული პროცესების ჩარჩოებში მოქცევა არავის მოსწონს და აქ სადავოც არაფერია, მაგრამ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეობის მიხედვით, უმთავრესი "კონტრაქტის" - კონსტიტუციის ერთგვარი ხელმომწერები ვართ, რათა ამ დოკუმენტით ყველა ჩვენგანისთვის მისაღებ ჩარჩოებში მოექცეს ჩვენივე ცხოვრება ისე, რომ არ დავარღვიოთ ერთმანეთის უფლებები და თავისუფლება.
მსგავსი რეგულაცია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა რგოლს აწესრიგებს, თუმცა ეს არ უნდა იყოს თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევა. ბოლო დროის ყბადაღებულ თემად შეიძლება ჩაითვალოს თბილისში ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპის დასრულება და ამ სეგმენტში დასაქმებულთათვის უკვე კარგად ცნობილი რეგულაციების ძალაში შესვლა (განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გაპროტესტებული).
ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ხალხის არჩეული თანამდებობის პირები იღებენ, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ეხება, მტკიცე არგუმენტებით უნდა იყოს გამყარებული.
ვნახოთ, რა იყო და არის რეფორმის მთავარი მიზნები და არგუმენტები:
არგუმენტი #1: უსაფრთხოება - გულისხმობს ტაქსის ლიცენზიის მქონე ავტომობილის სავალდებულო ტექდათვალიერებას. ხშირად გვინახავს თბილისის ქუჩებში ტაქსის ტრაფარეტიანი ისეთი ავტომობილები, რომ გაგვკვირვებია - "ამას ვინ აჩერებს?!" თუმცა "ყველას თავისი კლიენტი ჰყავს", შეიძლება ითქვას, მაგრამ ბორბლებზე დადგმული სრულიად მოშლილი ავტომობილი არა მარტო მასში მჯდომ მგზავრს, არამედ ბევრ სხვასაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მათ, ვინც ვერ გაიარეს ტექდათვალიერება, ავტომობილის მოწესრიგება აუცილებლად მოუწევთ, ხოლო თუ A კატეგორიის მიღება არ სურთ, შესაბამისი აპლიკაციის სმარტფონზე ჩამოტვირთვით შეუძლიათ, მომსახურება გასწიონ.
უსაფრთხოებისავე საკითხს უკავშირდება მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის A კატეგორიის ტაქსის მინიჭების შეზღუდვა. ტრანსპორტის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ საქართველოს, განსაკუთრებით კი ტრანსპორტით ისეთი დატვირთული ადგილის, როგორიც თბილისია, საგზაო ინფრასტრუქტურა მარჯვენასაჭიან მანქანებზე არ არის მორგებული. ამის გამო ძალიან ხშირია დედაქალაქის გზებზე გადაადგილების შეფერხება, ავარიული სიტუაციების შექმნა და, სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევებიც. ამ შემთხვევაშიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს აგრეგატორების მეშვეობით შეუძლიათ ტაქსის ბაზარზე შესვლა.
აგრუმენტი #2: მომსახურების ხარისხი - როდესაც ქუჩაში ტაქსის ვაჩერებთ, ვცდილობთ, ისეთი შევარჩიოთ (თუ უკიდურესად არ გვეჩქარება), რომელიც შედარებით ესთეტიკურად გამოიყურება. ისიც კარგად გვახსოვს, როცა ტაქსის კარის გაღებისთანავე ხშირ შემთხვევაში მასში ჩაჯდომის სურვილი გეკარგებოდა, იმდენად დასვრილი გვხვდებოდა სალონი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მერიამ ქიმწმენდის ვაუჩერებიც დაარიგა. ამ შეღავათით ტაქსის მძღოლები ნოემბრიდანაც ისარგებლებენ. ოღონდ ეს ეხება იმ მანქანებს, რომლებზეც ეს ვაუჩერი მანამდე არ გაცემულა.
A კატეგორიის ტაქსის მძღოლი ალექსანდრე ქადაგიშვილი ამბობს, რომ მისი ავტომობილის სალონი ვაუჩერის მიღებამდე მოუწესრიგებელი იყო. "კლიენტი ყველანაირია. ზოგი ბავშვებით ჯდება მანქანაში. ზოგი ბავშვი ნაყინს მიირთმევს, ან წვენს სვამს და ისვრება სავარძლები. ხელით რაც უნდა წმინდო, ლაქები არ ამოდის და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ვაუჩერი რომ მივიღე, იმ დღესვე მივიყვანე ქიმწმენდაზე და ახლა მეც მსიამოვნებს საკუთარ ტაქსში ჩაჯდომა", - გვიყვება ალექსანდრე ქადაგიშვილი.
არგუმენტი #3: ვიზუალური სტანდარტი - თბილისის იერსახის უმთავრესი მახასიათებელი მისი ლანდშაფტია. შემდეგ მოდის არქიტექტურა, თავისი ავ-კარგით, ასევე, სარეკრეაციო ზონები. მას მოსდევს საგზაო ინფრასტრუქტურა და მასზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები, მიკროავტობუსები და ტაქსები. ყვითელი მიკროავტობუსების თემა ცოტა ხნით გადავდოთ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რა იყო მათ შემოყვანამდე ქალაქში -სხვადასხვა ფერისა თუ მოდელის "მარშრუტკები", რომელთა უმრავლესობა აბსოლუტურად გაუმართავი იყო. არ მავიწყდება ერთი შემთხვევა, როდესაც თბილისის ცენტრში, ზემელზე, აკადემიის შენობის წინ მოძრავ "მარშრუტკას" უეცრად საწვავის ავზი ჩამოუვარდა. ბაზრის ამ სეგმენტში პრობლემები დღესაც უხვადაა, თუმცა, როგორც გითხარით, ამაზე სხვა დროს.
თბილისის იერსახეში ტაქსის კომპონენტი რეფორმის ამოქმედებიდანვე თვალშისაცემი გახდა. ტაქსისტი აბრაამ ბაწელაშვილი ამბობს, რომ კლიენტები შორიდანვე ხედავენ ტაქსებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი მანათობლები. "ტაქსის მანათობელი თუ მწვანედ ანათებს, ესე იგი, ის თავისუფალია და ამიტომ აღარ გვიწევს სავალი გზის პირველ ზოლში ჭიდაობა ტაქსისტებს. აქამდე ყველა დასწრებაზე ვიყავით. ხშირად გადამისწრია სარისკოდ სხვა ტაქსისთვის და აღმოჩენილა, რომ ის დაკავებული იყო. ახლა წინ მიმავალ ტაქსს თუ წითელი აქვს მანათობელი, ვიცი, რომ დაკავებულია და მეც მშვიდად მივდივარ, ვიდრე კლიენტი არ გამოჩნდება", - გვითხრა აბრაამ ბაწელაშვილმა.
არგუმენტი #4: სამართლიანი პირობები ტაქსის ბაზარზე - ფერის გამო ტაქსისტისთვის მანქანის გამოცვლა დიდ ხარჯთან და დროსთან იქნებოდა დაკავშირებული, რომ არა ამ ბაზრის ყველა მოთამაშისთვის თანაბარი პირობების შეთავაზება რეფორმის ინიციატორი მერიისგან. ეს იყო ვაუჩერები, რომლებიც სრულად ანაზღაურებდა ავტომობილის ფერის შესაცვლელად და სალონის ქიმწმენდისთვის საჭირო ხარჯს. იგივე ეხება მანათობლებსაც.
გარდა ამისა, ყველა ის ღონისძიება, რაც განხორციელდა და რაც იგეგმება, სტაბილურად ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს, რაც ტაქსისტებისთვის სტაბილურ შემოსავალს ნიშნავს.
ასე რომ, რეფორმა, რომელიც ერთი შეხედვით მტკივნეული იყო ზოგიერთი ტაქსისტისთვის და გადამდები ემოციის ფონზე გარკვეული პროტესტიც კი გაისმა, საბოლოო ჯამში, ტაქსის ბაზარზე სამართლიან კონკურენციას ქმნის, აუმჯობესებს ქალაქის იერსახეს, ტაქსების მომსახურების ხარისხს და უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას.