საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2019 12:51
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ამ უკანასკნელის ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ შევა ძალაში. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა, სადაც ხელი მოეწერება „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“, რომელიც ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ ამოქმედდება.

შეთანხმება Brexit-ის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას. დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან გაფორმებული ეს შეთანხმება, გახლავთ რეგიონში პირველი შეთანხმება, რომელსაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ აამოქმედებს.

სახელმწიფოთაშორის დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერენ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი, დომინიკ რააბი.

გაერთიანებული სამეფოში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქრისტოფერ პინჩერს და თემთა პალატაში, საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე ეწვევა ლონდონში საქართველოს საელჩოს და დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალ შენობას დაათვალიერებს, რომელიც საქართველოს მთავრობას საკუთრებაში შეისყიდა. მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს გაერთიანებულ სამეფოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტეგები