ანრი ოხანაშვილი ანა დოლიძის შესახებ - „ძალიან ცუდია, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ტყუილის ტირაჟირებას ახდენს“
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2019 15:52
ანრი ოხანაშვილი ანა დოლიძის  შესახებ - „ძალიან ცუდია, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ტყუილის ტირაჟირებას ახდენს“

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრების დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და ის დარბაზში არ შეუშვეს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით ეს არის ტყუილი, რაც ტყუილია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან ასეთი ტყუილის გავრცელება და ტირაჟირება უხერხულია. რადგან ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დაესწროს გასაუბრებას და დაინტერესებული მოქალაქეები ახლაც იმყოფებიან დარბაზში.



-„მოგეხსენებათ, რომ ეს დარბაზი განკუთვნილია პარლამენტის წევრებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, არიან წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, და გადანაწილებულია კონკრეტული ადგილები სად სხედან სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ადვოკატთა ასოციაცია, იურიდიული დახმარების სამსახური. შესაბამისად, თუკი ვინმე გვთხოვს ჩვენ ამ ფორმატში, რომ დარბაზში დავასწროთ, ეს ადგილები არის განსაზღვრული, თუმცა, თუკი ამის მიუხედავად, დარბაზში არ გვაქვს თავისუფალი ადგილები, ვინაიდან ინტერესი არის დიდი, ვთავაზობთ აქვე, დარბაზში აივანზე დასწრების უფლებას და შესაბამისად მასაც ისე, როგორც ყველა სხვას შევთავაზეთ აქ დასწრების საშუალება. მაგრამ როგროც ჩანს, იუკადრისა მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა და ძალიან უხერხულია საბჭოს წევრის მხრიდან, რომ მოქალაქეებთან დაჯდომას უკადრისობ“.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ შეკითხვების დასმის უფლება არის განსაზღვრული. კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და მაქსიმალურად ყველა სუბიექტს ეძლევა საშუალება, დასვან შეკითხვები, -„შეკითხვების დასმა არის პირველ რიგში პარლამენტის წევრის ექსკლუზიური უფლება, შემდგომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ პროცესში ჩავრთეთ სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომ მან ადვოკატთა კორპუსის სახელით ისაუბროს, იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები და ასევე კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით.



ასევე დღეს გვთხოვეს, რომ კახა წიქარიშვილს სურდა დასწრება ამ სხდომაზე არასამთავრობოებთან ერთად და მასაც მივეცით საშუალება, ასე, რომ სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ დასწრების საშუალებას არ ვაძლევთ, ეს არის ძალიან ცუდი და არასწორი და არ შეიძლება საზოგადოება, მით უმეტეს საბჭოს წევრს შეცდომაში შეჰყავდეს“, განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.



მან ასევე განმარტება გააკეთა, რომ ანა დოლიძეს შეეძლო განცხადებით მიემართა კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ისევე, როგორც მოქალაქეები მიმართავენ განცხადებით თუ მაინცდამაინც დარბაზში სურთ დასწრება და კომიტეტი უზრუნველყოფს რაიმე ფორმით მათ მოთავსებას. –„ასეთი განცხადებაც ჩემს სახელზე არ შემოსულია, ასე რომ ძალიან ცუდია, როდესაც ქალბატონი ანა დოლიძე ტყუის და ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.